ახალ წელს ქვეყანა არაორდინალურ მოცემულობაში ხვდება - საქართველოს მართავს რეჟიმი, რომლის ლეგიტიმურობას არც ქვეყნის შიგნით აღიარებენ მოქალაქეები და არც ქვეყნის გარეთ, დემოკრატიული სამყარო არ ცნობს ამ ლეგიტიმაციას.
2024 წელი ნამდვილად ნიღბების ჩამოხსნის წელი იყო, ფსევდო ქველმოქმედებით პოლიტიკაში მოსულმა ივანიშვილმა საბოლოოდ გამოაჩინა, რომ ის სინამდვილეში ყოველთვის იყო და არის რუსეთის ინტერესების გამტარებელი რუსი ოლიგარქი. მისმა რეჟიმმაც, რომელიც მოჩვენებით ევროპულობასა და დემოკრატიულობაზე დებდა თავს, საბოლოოდ გამოაჩინა თავისი სახე, რომ ის ავტოკრატიული რეჟიმია და რეალურად არა დასავლეთისკენ, არამედ რუსეთისკენ მიილტვის.
რუსული კანონის შემობრუნება, არჩევნების ტოტალური გაყალბება, ევროინტეგრაციის ოფიციალურ დონეზე შეჩერება - ამ მძიმე და საქართველოსთვის დამაზიანებელი ქმედებების პიკი კი საკუთარ მოქალაქეებზე მასობრივი და სადისტური ძალადობა აღმოჩნდა, რომლის შემდეგაც ივანიშვილის პარტიამ საბოლოოდ დაიმკვიდრა, როგორც სადისტურმა და საერთაშორისოდ სანქცირებულმა რეჟიმმა.