25 დეკემბერს, ქალაქ აქთაუსთან ჩამოვარდნილი "აზერბაიჯანის ავიახაზების" თვითმფრინავის Embraer-190-ის "შავ ყუთებს" ყაზახეთი გასაშიფრად ბრაზილიის საავიაციო ავარიების გამოძიებისა და პრევენციის ცენტრს (CENIPA) გაუგზავნის. ამის შესახებ ინფორმაცია უცხოურ მედიაში ყაზახეთისა და აზერბაიჯანის შესაბამის უწყებებზე დაყრდნობით ვრცელდება.
ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს განმარტებით, ბრაზილიაში "შავი ყუთების" გაგზავნის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ICAO-ს რეკომენდაციებისა და აზერბაიჯანისა და რუსეთის საავიაციო უწყებებთან კონსულტაციების გათვალისწინებით.
აზერბაიჯანმა უარი უთხრა რუსეთს AZAL-ის ავიაკატასტროფის ერთობლივ გამოძიებაზე. როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რუსულმა მხარემ ოფიციალურად შესთავაზა ამ საქმის სახელმწიფოთაშორისი საავიაციო კომიტეტის მიერ გამოძიება.
"ჩვენ ამაზე კატეგორიული უარი ვთქვით. მიზეზი გასაგებია. რადგან საიდუმლო არ არის, რომ ეს ინსტიტუტი ძირითადად რუსი ჩინოვნიკებისგან შედგება, ინსტიტუტს კი რუსეთის მოქალაქეები ხელმძღვანელობენ. აქ ობიექტურობის ფაქტორები შეიძლება სრულად არ იყოს დაკმაყოფილებული. უბედური შემთხვევის შემდეგ რუსეთის მხრიდან სამართლიანი და ადეკვატური ნაბიჯები რომ გვენახა, ალბათ, წინააღმდეგობა არ გვექნებოდა. მაგრამ ჩვენ დავინახეთ, რომ აშკარად არის მცდელობები ამ საკითხის დამალვისა," - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
CENIPA-სთვის „შავი ყუთების“ მიწოდებისა და გაშიფვრის პროცესი აზერბაიჯანელი სპეციალისტების უშუალო მონაწილეობით განხორციელდება. გარდა ამისა, აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯანული მხარის მიერ მიწვეული საერთაშორისო ექსპერტები მჭიდრო დახმარებას გაუწევენ პროცესს.
"ეს მიდგომა მიზნად ისახავს ინციდენტის გამოძიების სრული გამჭვირვალობის უზრუნველყოფას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ეს ნაბიჯი ასევე ემსახურება ინციდენტის გამოძიების ობიექტურობაში შესაძლო ეჭვების თავიდან აცილებას და საერთაშორისო საზოგადოებისთვის შედეგების სანდოობის გაზრდას. აზერბაიჯანელი სპეციალისტების უშუალო მონაწილეობა საერთაშორისო ექსპერტების დახმარებით კიდევ უფრო გაზრდის გამოძიების სისრულესა და სიზუსტეს,“ - აცხადებენ აზერბაიჯანის ტრანსპორტის სამინისტროში.
საკითხი პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს კასიმ-ჟომარტ ტოკაევსაც.