აშშ-მა უკრაინისთვის პირდაპირი საბიუჯეტო დახმარების სახით 3,4 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ განაცხადა, - ნათქვამია აშშ-ის სახაზინო მდივნის, ჯანეტ იელენის განცხადებაში.
"უკრაინისთვის ჩვენი საბიუჯეტო მხარდაჭერა მიდის კრიტიკულ მომენტში, როდესაც რუსეთი აძლიერებს თავდასხმებს სამოქალაქო მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურის უმნიშვნელოვანეს ობიექტებზე. აშშ-ის და ჩვენი მოკავშირეების მხრიდან ეკონომიკურ დახმარებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა უკრაინის შესაძლებლობისთვის, დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და მიაღწიოს სამართლიან მშვიდობას კრიტიკული სახელმწიფო მომსახურების შენარჩუნებით, რაც მისი გულადი ბრძოლის საფუძვლად დევს," – წერია იელენის განცხადებაში.
იელენის განცხადებით, ეს თანხა არის ბოლო ნაწილი კონგრესის მიერ უკრაინის მხარდასაჭერად 2024 წელს დამტკიცებული ორპარტიული პაკეტის ფარგლებში.
"ჩვენი პირდაპირი საბიუჯეტო მხარდაჭერა კვლავ ითვალისწინებს რეფორმების გატარებას, რომლებიც უკავშირდება სამართალდამცავი ორგანოების გაძლიერებას, ასევე სახელმწიფო ინსტიტუტების გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის გაზრდას, ამასთან ანტიკორუფციული წესებისა და პროცედურების გაძლიერებას," - აღნიშნულია განცხადებაში.