ცესკო-დან პოლიტიკური ნიშნით ვაკო მაისურაძე გაათავისუფლეს

გამოქვეყნდა:

ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან პოლიტიკური ნიშნით ვაკო მაისურაძე გაათავისუფლეს.

მისი თქმით, ცესკო-ში 16 წელი მუშაობდა. მაისურაძის განცხადებით, გაათავისუფლეს პოსტის გამო, რომელშიც ძალადობა დაგმო და საქართველოს ევროინტეგრაციას მხარი დაუჭირა.

"რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ჩემი მხრიდან საქართველოს ევრო-ინტეგრაციის აუცილებლობასა და ძალადობის დაგმობასთან დაკავშირებით დაწერილი პოსტის გამო აღარ გავხდი საჭირო "დამოუკიდებელი" საარჩევნო ადმინისტრაციისთვის, უფრო სწორედ, ამ ადმინისტრაციის რამდენიმე წარმომადგენლისთვის. ქვეყანაში, სადაც კონსტიტუციაში ჩაწერეს ჩვენი საგარეო კურსი და მიმართულება ევრო ინტეგრაცია არის და ამისთვის ყველა უწყებამ ყველა ზომა უნდა მიიღოსო, 28 ნოემბერს გამოაცხადეს,  რომ ამ საკითხს 2028 წლამდე დღის წესრიგში აღარ დააყენებდნენ. 

იმ დროს, როდესაც ცესკოს თავმჯდომარე დაყენებული ფრაზებით (სავარაუდოდ სარკის წინ კაი ხნის ვარჯიშის შემდეგ) ამაყად საუბრობს და თავს იწონებს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის სტანდარტი ეთიკის კოდექსით იმხელაზე ავწიეთ, რომ აღქმების დონეზეც კი არ დავუშვით მათი მიკერძოებულობაო, სახელმწიფო ხელისუფლების მიერ  საჯარო სექტორში დაანონსებულ რეორგანიზაციას ასწრებს და ბევრ სამინისტროზე ადრე თავად დაიწყო რეორგანიზაცია იმ ხალხის მოსაშორებლად, ვისაც შიშების გარეშე შეუძლია საკუთარი აზრის გამოხატვა.

რეორგანიზაცია გამოაცხადა და უცბად მოაყოლა განცხადება, ეს რეორგანიზაცია შეიძლება ვიღაცეებმა პოლიტიკურ გადაწყვეტილებად წარმოაჩინონ და ამ ამბავს ნუ დაიჯერებთო. თუ მართლაც დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრაციის მართლაც დამოუკიდებელი ხელმძღვანელი ხარ, შენს ისედაც შელახულ იმიჯსა და განადგურებულ ნდობას სასწორზე რომ აყენებ, სასწორის მეორე მხარეს რამე ისეთი სიკეთე მაინც უნდა გედოს ნახევარს მაინც უდრიდეს იმისას რითაც რისკავ.

მაგრამ მეც ხომ ვიცი და საარჩევნო ადმინისტრაციის 100-მა თუ არა 90-მა პროცენტმა მაინც, რამდენად დამოუკიდებლები ხართ. ვინც არ იცოდა ისინი კი ცოტა ლოგიკას თუ მოუხმობენ და ელემენტარული ანალიზის უნარს გამოავლენენ, ყველაფერი ცხადზე ცხადი იქნება. გიორგი კალანდარიშვილმა, თავისი გდაწყვეტილებებით, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მოახერხა და ყველა ზღვარი წაშალა ხელისუფლებასა და საარჩევნო ადმინისტრაციას შორის, არადა ამ უკასკნელისთვის დამოუკიდებლობა არის ყველაზე მთავარი, მის გარეშე ვერანაირი რეფორმა ვერ იმუშავებს, აზრი ეკარგება ყველანაირ გამჭვირვალობას, საკანონმდებლო ცვლილებებს, სხდომების პირდაპირ ეთერში გაშვებას და ბევრი რომ არ გავაგრძელო, დამოუკიდებლობის გარეშე, საარჩევნო ადმინისტრაციის ნებისმიერ ნაბიჯი განწირულია წარუმატებლობისთვისა და კრახისთვის. 

დასანანია და ყველაზე მეტად გული იმაზე მწყდება, რომ საარჩევნო ადმინისტრაციაში ჩემი 16 წლიანი მუშაობის განმავლლობაში, სხვა და სხვა სტრუქტურულ ერთეულში, სხვა და სხვა თანამდებობაზე ყოფნისას მთავარი საზრუნავი და მიზანი იყო საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ საზოგადოების მხრიდან მეტი ნდობის მოპოვება. მიზანი იყო ის, რომ ერთხელ და სამუდამოდ, როდესაც არჩევნები ჩატარდებოდა გამარჯვებულ და დამარცხებულ მხარეებს ხელი ჩამოერთმიათ ერთმანეთისთვის, დამარცხებულს გამარჯვებულისთვის ღირსეული გამარჯვება მიელოცა. არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო სუბიექტს, მისი უკმაყოფილების მიზეზი საკუთარ საარჩევნო პროგრამაში მოეკითხა და არა საარჩევნო ადმინისტრაციის გადაწყვეტილებებში და ქმედებებში.
თუმცა საბოლოოდ რა მივიღეთ, მივიღეთ ის რაც ფაქტია, ფაქტი კი იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მოგწონს თუ არ მოგწონს მის არსებობას ვერ უარყოფ, შეგიძლია იდაო მიზეზებზე, მაგრამ ფაქტებს ვერ უარყოფ. ფაქტი კი ასეთია, დღეს, გაჟონილი ბიულეტენი ლამის ცესკოს ლოგოდ იქცა, თავმჯდომარეს, რომელსაც საღებავი შეასხეს, არცერთი ქვეყნის არცერთმა საარჩევნო ადმინისტრაციამ ელემენტარული სოლიდარობა არ გამოუცხადა. არადა მინდა იცოდეთ, რომ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ძალიან ბევრი ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციასთან თანამშრომლობს ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ბევრი მათგანი ჩვენი პარტნიორი და მეგობარია, ამის მიუხედავად, ნულოვანი ტოლერანტობა და ნულოვანი გამოხმაურება. დასკვნები თქვენთვის მომინდია, მე მხოლოდ ფაქტები მოვიყვანე.

PS: დროის დაბრუნება რომ შეიძლებოდეს და შემეძლოს რამე შევცვალო დღევანდელი გადმოსახედიდან, მაინც დავწერდი მაგ პოსტს და არც კი დავფიქრდებოდი. არანაირი სამსახური, არანაირი თანამდებობა და პირადი კეთილდღეობა არ ღირს იმად, რომ საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება გქონდეს შეზღუდული.

და ბოლოს, ამ სტატუსს ბევრი ნახავს, მათ შორის ჩემთვის უცნობი ადამიანებიც და მინდა მათთვის დავწერო, თორემ ვინც მიცნობს ყველამ ძალიან კარგად იცის ჩემს შესახებ ერთი რამ, 16 წელია ცესკოში ვმუშაობ და არასოდეს ვყოფილვარ პოლიტიკურად ანგაჟირებული. რასაც ვფიქრობდი იმას ვამბობდი წინა ხელისუფლების დროსაც და ამ ხელისუფლების დროსაც ასე ვაგრძელებდი, მომავალში ვინც იქნება მათ პირობებშიც ასევე მოვიქცევი. ჩემს საქმიანობაში კი ვხელმძღვანელობდი კანონითა და სამართლიანობის პრინციპით", - წერს ის.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი