ორი არჩევანი, ორი საზოგადოება და ორი საახალწლო ზეიმი საქართველოში. ხალხი, რომელიც ქვეყნის ევროპული მომავლისთვის იბრძვის და ოლიგარქიული რეჟიმის მხარდამჭერები 2025 წლის დადგომას სრულიად განსხვავებულ გარემოში შეხვდნენ და სხვადასხვა ფორმით აღნიშნეს.
თავისუფლებისთვის მებრძოლი მოქალაქეები, ისევე, როგორც ერთ თვეზე მეტი ხანია, გუშინაც რუსთველის გამზირზე შეიკრიბნენ და, ფაქტობრივად, ჯადოსნურ ღამედ აქციეს ახალი წელი და პოლიტიკური პროტესტი.
გრანდიოზული სუფრა მთელი რუსთაველის გამზირის გასწვრივ და კერძები, რომლებიც ცნობილმა შეფებმა დაამზადეს, ასევე, აქციის მონაწილეებმა სახლიდან მოიტანეს. მუსიკოსები, რომლებიც სხვადასხვა ადგილას მღეროდნენ და განწყობის ამაღლებაზე ზრუნავდნენ - დედაქალაქის ცენტრი, რომელიც სულ რამდენიმე კვირის წინ ქართული ოცნების ხელისუფლებამ ძალადობის და სისხლისღვრის ადგილად აქცია, მოქალაქეებმა სახალხო ზეიმის ცენტრალურ გამზირად აქციეს.
სრულიად საპირისპირო სულისკვეთების და განწყობის იყო ხელისუფლების საზეიმო ღონისძიება. "ქართულმა ოცნებამ" საკუთარი მხარდამჭერი მუსიკოსები პრეზიდენტის ყოფილ სასახლეში, ავლაბარში შეკრიბა, გამართა კონცერტი აუდიტორიის გარეშე და ჩანაწერი სამთავრობო მედიის ეთერში გაუშვა.