სახელმწიფო ანტიკორუფციული სააგენტოს გამომძიებლები სამხრეთ კორეის პრეზიდენტის იუნ სეოკ-იოლის დასაკავებლად მის რეზიდენციაში შევიდნენ, თუმცა მათ ხელი სახელმწიფოს მეთაურის უსაფრთხოების სამსახურმა შეუშალა.
რეზიდენციაში გამომძიებლებსა და პრეზიდენტის დაცვის თანამშრომლებს შორის შეტაკებაც მოხდა. პრეზიდენტის წარმომადგენლებმა დაკავების მცდელობა უკანონოდ გამოაცხადეს.
იუნ სეოკ-იოლის უფლებამოსილება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ იმპიჩმენტის პროცესის დასრულებამდე დროებით შეჩერებულად ითვლება, თუმცა მას უსაფრთხოების სამსახური მაინც იცავს.
გამომძიებლებს დაკავების ორდერის შესასრულებლად ვადა 6 იანვრამდე აქვთ.
სეულის სასამართლომ პრეზიდენტის დაპატიმრებისა და მისი რეზიდენციის ჩხრეკის ორდერი 2024 წლის 31 დეკემბერს, მას შემდეგ გასცა, რაც პრეზიდენტი ანტიკორუფციული გამოძიების დეპარტამენტმა სამჯერ დაიბარა დაკითხვაზე, თუმცა არც ერთხელ არ მივიდა.
14 დეკემბერს სამხრეთ კორეის პარლამენტმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტის იმპიჩმენტს.
იმპიჩმენტი კი იმ ფაქტს მოჰყვა, რომ 3 დეკემბერს იუნ სეოკ-იოლმა საომარი მდგომარეობის შემოღება გამოაცხადა და გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ აუცილებელია „კომუნისტური ძალებისგან” კონსტიტუციური წესრიგის დაცვა და ჩრდილოეთ კორეისგან მომდინარე საფრთხის აღკვეთა. კონკრეტულად რა საფრთხეა ეს, გარდა იმისა, რომ ორი ქვეყანა უკვე დიდი ხანია ომის მდგომარეობაშია, იუნ სოკ იოლს არ უთქვამს.
დადგენილება ექვსი საათის განმავლობაში მოქმედებდა და ის კრძალავდა პოლიტიკური პარტიების მუშაობას, საპროტესტო აქციებს, გაფიცვებს, შემოღებულ იქნა ცენზურა და სამხედრო ტრიბუნალი. ამან სეულის ქუჩებსა და პარლამენტში, ფართომასშტაბიანი პროტესტი გამოიწვია.
დეპუტატებმა შენობის სამხედრო შტურმის დროს ხმა მისცეს პრეზიდენტის გადაწყვეტილების გაუქმებას. 7 დეკემბერს პრეზიდენტმა ტელევიზიით ბოდიში მოიხადა და გადაწყვეტილება გააუქმა.
ანტიკორუფციული სააგენტოს განცხადებით, მიმდინარეობს გამოძიება იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა იუნ სუკ იოლის მიერ საომარო მდგომარეობის გამოცხადება ამბოხება.
იუნ სეოკ იოლი მემარჯვენე ძალების წარმომადგენელია. ის პრეზიდენტად 2022 წელს აირჩიეს.