ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის დაწყების ღონისძიებაზე პოლონეთში უნგრეთის ელჩსა და პრემიერმინისტრს, ვიქტორ ორბანს არ მიიწვევენ. ინფორმაციას POLITICO პოლონეთის ევროპული საქმეების მინისტრის მოადგილეზე, მაგდალენა სობკოვიაკ-ჩარნეცკაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ურთიერთობები პოლონეთსა და უნგრეთს შორის ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, მას შემდეგ დაიძაბა რაც უნგრეთმა პოლონეთის იუსტიციის ყოფილი მინისტრის, მარცინ რომანოვსკის თავშესაფარი მისცა. ამან პოლონური მხარის უკმაყოფილება გამოიწვია.
"ჩვენ მოვიწვიეთ მთელი დიპლომატიური კორპუსი, თუმცა რომანოვსკის სიტუაციის მერე სიკორსკიმ გაუგზავნა უნგრეთის ელჩს ნოტა იმის შესახებ, რომ ის არასასურველი სტუმარია", - თქვა მაგდალენა სობკოვიაკ-ჩარნეცკამ.
პოლონეთში რომანოვსკის წინააღმდეგ საჯარო თანხის ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით 11 ბრალი არის წარდგენილი.
მანამდე, 2024 წლის მეორე ნახევარში, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა უნგრეთი იყო.