ბრიტანელმა ჟურნალისტმა, ტომ როგანმა, რომლის აშშ-საქართველოს სამომავლო ურთიერთობის შესახებ Washington Examiner-ში გამოქვეყნებული სტატიაც განხილვის საგანი გახდა, თემაზე "რადიო თავისუფლებასთანაც" ისაუბრა.
მისი თქმით, არ არსებობს მოლოდინი, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დაწესებულ სანქციებს ტრამპის ადმინისტრაცია მოხსნის.
"მნიშვნელოვანია, ხაზგასმით აღვნიშნოთ ერთი ასპექტი - ეს სანქციები არ დაწესდებოდა, ბაიდენის ადმინისტრაციაში რომ სჯეროდეთ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მათ სწრაფადვე მოხსნიდა. ეს არა მარტო უხერხულობას გამოიწვევდა - მსგავსი ნაბიჯი დააზიანებდა ზოგადად აშშ-ის საგარეო პოლიტიკას. შესაბამისად, ვფიქრობ, ეს არის [საქართველოსადმი] ახალი მიდგომის დასაწყისი აშშ-ის მთავრობის მხრიდან და ტრამპის ადმინისტრაციას, შესაძლოა, მთელი რიგი დამატებითი ნაბიჯების გადადგმა მოუწიოს, თუ ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ უკან არ დაიხევენ და განაგრძობენ ქართველი ხალხის ნებისა და მათი საკუთარი საკონსტიტუციო ვალდებულებების უგულებელყოფას. [...]" - აცხადებს როგანი.
როგანის განცხადებით, დონალდ ტრანპი თვალს არ დახუჭავს "ქართული ოცნების" ჩინურ და რუსულ კავშირებზე
"რისი იმედი აქვს "ოცნებას" - რომ შიგადაშიგ კარგ რაღაცებს იტყვიან ტრამპზე, ის კი სანაცვლოდ მათ ჩინურ და რუსულ კავშირებზე თვალს დახუჭავს, ამერიკის ინტერესების საპირისპიროდ? განსაკუთრებით მაშინ, როცა საქართველოში ქუჩაში გასული უამრავი ადამიანი პროდასავლური პოზიციით გამოირჩევა და აშშ-საქართველოს ურთიერთობების განსხვავებულ პერსპექტივას ემხრობა. ასე რომ, ვფიქრობ, "ოცნება" ილუზიების ტყვეობაშია და მალე საკმაოდ უხეშად "შეაღვიძებენ"."- აღნიშნავს ბრიტანელი ჟურნალისტი.
ტომ როგანი საუბრობს იმაზეც, რომ აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეინარჩუნებს.
[...]მეეჭვება, რომ ეს [მიხეილ ყაველაშვილი ]იქნება პიროვნება, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაცია სიხარულით შეეგებება, მისი ფრაზებიდან - მან პირდაპირ თქვა, ამერიკა საქართველოსთვის ეგზისტენციალური საფრთხეაო - და იმ ინტერესებიდან გამომდინარე, რომელთაც ემსახურება. შეუძლებელია, ტრამპის ადმინისტრაციამ მას დადებითად შეხედოს. რაც აქამდე ვნახეთ, იმით თუ ვიმსჯელებთ, არ მგონია გადაჭარბებული იყოს ვარაუდი, რომ ზურაბიშვილი შეინარჩუნებს ტრამპის ადმინისტრაციის მხარდაჭერას. "- ამბობს ტომ როგოანი "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში.