ამერიკელი დიპლომატისა და ატლანტიკური საბჭოს მკვლევრის დენიელ ფრიდის შეფასებით, უმნიშვნელოვანესია, რომ ბიძინა ივანიშვილი ამერიკამ რუსეთის სასარგებლოდ ქმედებებისთვის დაასანქცირა.
მისი თქმით, ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება "მაგნიტსკის გლობალურ აქტის" ფარგლებში, ადამიანის უფლებების დარღვევის გამოც შეეძლოთ, რაც არ გააკეთეს და ეს ბევრს მეტყველებს ამერიკის მთავრობის მიდგომაზე.
რას ნიშნავს ივანიშვილისთვის დაწესებული ეს სანქციები და რა გავლენა ექნება მას როგორც მისი სამიზნის ბიზნეს საქმიანობაზე, ისე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე - ამის შესახებ დენიელ ფრიდმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ისაუბრა.
"მაშინ, როდესაც ხაზინამ სრული ბლოკირების სანქცია დააწესა, მან ასევე გასცა ლიცენზია გარკვეული ეკონომიკური ტენდენციების, ქმედებების გაგრძელებაზე. ჩემი ინფორმაციით ეს მოხდა, რადგან ამერიკის მთავრობას არ სურდა ზიანი მიეყენებინა საქართველოს ეკონომიკის, ან ქართველ ხალხისთვის. ამიტომაც, არ წავიდნენ იმ კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც მართალია ივანიშვილის საკუთრებაა, მაგრამ მათ სანქცირებამ, შეიძლება ზიანი მიაყენოს საქართველოს ეკონომიკასა და ქართველ ხალხს.
ივანიშვილს ახლა ბევრად უფრო გაუჭირდება ბიზნესის წარმართვა. ეს საკმაოდ დიდი საქმეა. რა თქმა უნდა, სანქციებს დიდი გავლენა არ ექნება მის ბიზნესზე რუსეთში, მაგრამ ამას მაინც მნიშვნელოვან ნაბიჯად ვთვლი.
ეს სანქციები ვერც საქართველოს დემოკრატიას გადაარჩენს, ეს საბოლოოდ, ქართველი ხალხის გასაკეთებელია. მეტიც, ძალიან საინტერესოა, რომ შეერთებულმა შტატებმა ივანიშვილს სანქციები დაუწესა რუსეთის აგენტად მოქმედების, ან რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ ქმედებისთვის. სანქციები დაწესდა კონკრეტული აღმასრულებელი ბრძანებით, რომელიც მიზანში იღებს რუს აგენტებს და იმ აგენტებს, ვინც რუსული ინტერესების დაწინაურებისთვის მოქმედებენ. ეს საკმაოდ საინტერესოა, რადგან ეს ნიშნავს, რომ შეერთებულ შტატებს აქვს ინფორმაცია ივანიშვილის კრემლის სასარგებლოდ მოქმედების შესახებ. ამერიკას შეეძლო, ივანიშვილისთვის სანქციები ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, "მაგნიტსკის გლობალური აქტით" დაეწესებინა. ამის ნაცვლად, მათ სანქციები რუსეთის სასარგებლოდ ქმედებისთვის დააწესეს.
ამერიკას და საქართველოს სხვა მეგობრებს დახმარება შეუძლიათ, ამის ბევრი გზა არსებობს, მაგრამ საბოლო გადაწყვეტილებას ქვეყნის მომავალზე არა ბრიუსელში, ვაშინგტონში, ან მოსკოვში, როგორც ეს რუსეთს ჰგონია, არამედ თბილისში, ქართველები მიიღებენ. თუ ტრამპის ადმინისტრაცია ივანიშვილისთვის დაწესებულ სანქციებს გააუქმებს, ის გამოჩნდება, როგორც სუსტი და დამორჩილებული, როგორც კრემლის ნების შემსრულებელი. ეს ძალიან ცუდი პოზიცია იქნება ტრამპის ადმინისტრაციისთვის და ვფიქრობ, ტრამპის გუნდს, განსაკუთრებით ეროვნული უსაფრთხოების მიმართულებით პოზიციებზე მყოფ ადამიანებს, ეს არ ენდომებათ."- განაცხადა ფრიდმა.