"გვაქვს ინფორმაცია, რომ რეორგანიზაცია იგეგმება ბათუმის მუნიციპალიტეტშიც, მიზანია პეტიციაზე ხელმომწერ პირთა დასჯა" | საკრებულოს ოპოზიცია

გამოქვეყნდა:

ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დღეს ერთობლივი განცხადება გააკეთეს საჯარო მოხელეების მოსალოდნელი გათავისუფლებების შესახებ. 

რამდენიმე პარტიის წარმომადგენელი ირწმუნება, რომ ბათუმის მერიაში სულ მალე რეორგანიზაცია იგეგმება, რითაც იმ საჯარო მოხელეების სამაგალითო დასჯა იგეგმება, რომლებმაც  ქვეყნის ევროპული კურსის ცვლილება პეტიციით გააპროტესტეს. 

დეპუტატები ირწმუნებიან, რომ დისკრიმინაციულ ფაქტებს უკვე ჰქონდა ადგილი და  წლის ბოლოს მიღებული უმაღლესი შეფასებების მიუხედავად, კანონით გათვალისწინებული ჯილდოები იმ საჯარო მოხელეებს ჩამოეჭრათ, რომლებმაც პეტიციას მოაწერეს ხელი. 

"გვაქვს ინფორმაცია, რომ რეორგანიზაცია იგეგმება ბათუმის მუნიციპალიტეტშიც, რომლის მიზანია პეტიციაზე ხელმომწერ პირთა სამაგალითოდ დასჯა, საჯარო სექტორში დაწყებული რღვევის შეუქცევადი პროცესისგან თავდასაცავად.

აქვე გაცნობებთ, რომ პეტიციაზე ხელმომწერ პირთა მიმართ უკვე დაფიქსირდა დისკრიმინაციის ფაქტი, კერძოდ, წლის ბოლოს უმაღლესი შეფასების მიღების შემდეგ კანონით გათვალისწინებული ჯილდოს ნაწილი ჩამოაჭრეს მხოლოდ პეტიციაზე ხელმომწერ პირებს.

მოვუწოდებთ ბათუმის მერსა და საკრებულოს, ხელი აიღოს ამ უკანონო განზრახვაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვაფრთხილებთ, რომ პერსონალურად მოუწევთ პასუხისგება ჩადენილი დანაშაულისთვის, როგორც პირადად არჩილ ჩიქოვანს, ვიცე-მერ ნუკრი დეკანაძეს, ასევე მერის მოადგილეებს, სამსახურის უფროსებსა და საკრებულოს უმრავლესობის წევრებს, რომლებიც ჩართული არიან რეპრესიებში.

ჩვენ, ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები ვაცხადებთ, რომ ვიბრძოლებთ მერიის სისტემაში დასაქმებული თითოეული საჯარო მოხელის უფლებების დასაცავად. მათ უნდა იცოდნენ, რომ მარტო არ არიან და მათ გვერდით დგას მთელი სამოქალაქო საზოგადოება სრული რესურსით.

ჩვენი მოთხოვნები უცვლელია - პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი სამართლიანი არჩევნების დანიშვნა”, - აღნიშნეს მათ.

ცნობისთვის, ევროინტეგრაციის მხარდამჭერ პეტიციას ხელი ბათუმის მერიის 28 თანამშრომელმა მოაწერა.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი