"მათავისუფლებენ იუსტიციის სახლის შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის პოზიციიდან იმ მოტივით, რომ საჯაროდ გაკეთებული განცხადების ხელმომწერი პირი ვარ" | თათია უდესიანი

გამოქვეყნდა:

"მათავისუფლებენ იუსტიციის სახლის შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის პოზიციიდან იმ მოტივით, რომ საჯაროდ გაკეთებული განცხადების ტექსტზე ხელმომწერი პირი ვარ", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში იუსტიციის სახლის შიდა აუდიტის დეპარტამენტის უკვე ყოფილი უფროსი თათია უდესიანი წერს.

"მაქვს პატივი შევუერთდე სსიპ იუსტიციის სახლში დასაქმებულ იმ პროფესიონალ თანამშრომლებს, რომლებსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში სასწრაფოდ შესული ცვლილების საფუძვლით, 31 დეკემბრის ღამეს მოსული გაფრთხილების წერილით გვაცნობეს, რომ ერთი თვის ვადაში დაწესებულება ცალმხრივად წყვეტს ჩვენთან შრომით ურთიერთობას.

მათავისუფლებენ სსიპ - იუსტიციის სახლის შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის პოზიციიდან, მხოლოდ და მხოლოდ იმ მოტივით, რომ საჯაროდ გაკეთებული განცხადების ტექსტზე ხელმომწერი პირი ვარ... იმ ტექსტზე, რომლის შინაარსზეც, რომ კითხოთ „ყველა მხარე“ უპირობოდ თანხმდება.

ვარ შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი, ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, სერტიფიცირებული აუდიტორი, ტრენერი, სხვადასხვა საბიუჯეტო და კერძო ორგანიზაციებში მიწვეული კონსულტანტ - ექსპერტი. დიახ, ჩემმა დამსაქმებლებმა, კოლეგებმა, სტუდენტებმა, ყველამ კარგად იცის ჩემი კვალიფიკაციაც და ისიც თუ რა შრომის ფასად მივაღწიე ამ ყველაფერს.

11 წლის წინ კერძო სექტორში დასაქმებაზე უარი ვთქვი და სრულიად გააზრებულად, ქვეყნის სამსახურისთვის, საჯარო სექტორის შიდა აუდიტის დიდ ოჯახს შემოვუერთდი, რომელიც ევროკავშირთან ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში, საერთაშორისო სტანდარტებზე გადასვლისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამდა და რეფორმის ფარგლებში რთულ და საინტერესო ეტაპს გადიოდა. ბევრი გამოწვევა, ძალიან დიდი შრომა, უცხოელი ექსპერტების დახმარებით ჩატარებული არაერთი პილოტური პროექტი, გადამზადებები, მუდმივი განვითარება და დაუსრულებელი სწავლა, სწავლა და სწავლა... ეს ის გზაა, რომელსაც საჯარო სექტორის შიდა აუდიტორები მუდმივ რეჟიმში გავდიოდით.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, "ევროპისკენ მიმავალ გზაზე" დღეს ამ ყველაფერს ფასი აღარ აქვს...

წარმატებებს გისურვებთ საჯარო სამსახურში დასაქმებულ ყველა პროფესიონალ ადამიანს (სამწუხაროდ, არც ისე ბევრს) და ნუ დაივიწყებთ, რომ ჩვენს ქვეყანას განსაკუთრებით სჭირდებით, მით უფრო ახლა!

დიდი ხნით არ გემშვიდობებით! 

მიგულეთ თქვენს გვერდით", - წერს სოციალურ ქსელში სსიპ იუსტიციის სახლის შიდა აუდიტის დეპარტამენტის უკვე ყოფილი უფროსი თათია უდესიანი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი