კვირის ბოლოდან ნატო ბალტიის ზღვაში კრიტიკული დანადგარების დაცვას 10-მდე ხომალდის გამოყენებით დაიწყებს.
უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ უკვე ბალტიის ზღვაში მყოფი გემები და ასევე ნატოს ქვეყნების პირდაპირ გაგზავნილი გემები. ეს ძალები ზღვაში აპრილამდე დარჩებიან და პირველ რიგში, შეასრულებენ შემაკავებელ და საპატრულო ფუნქციას იქ, სადაც განლაგებულია ენერგეტიკული და სატელეკომუნიკაციო კაბელები.
ფინეთის ყურის დაცვას გააგრძელებენ ფინეთისა და ესტონეთის ძალები.
ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ფინეთისა და ესტონეთის მოთხოვნით, ბალტიის ზღვაში ყოფნის გაძლიერება წყალქვეშა კაბელების ბოლოდროინდელი დაზიანების გამო გადაწყვიტა.
გასული წლის 25 დეკემბერს ფინეთისა და ესტონეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ Eagle C ტანკერმა დააზიანა Estlink 2 ელექტრო კაბელი და ოთხი სატელეკომუნიკაციო კაბელი ფინეთის ყურეში. ჰელსინკისა და ტალინის თანახმად, ტანკერი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილია, რომელიც
დასავლეთის სანქციების გვერდის ავლით, რუსული ნავთობის მესამე ქვეყნებისთვის მიწოდებითაა დაკავებული.
ასევე, გასული წლის ნოემბერში დაზიანდა კაბელი შვედეთს, ლიეტუვას, ფინეთსა და გერმანიას შორის.
2023 წლის ოქტომბერში კი დაზიანდა Balticconnector გაზსადენი და რამდენიმე კაბელი.