Reuters: ჩინეთის რამდენიმე მსხვილ პორტში აშშ-ის მიერ დასანქცირებული ტანკერების შესვლა იკრძალება

გამოქვეყნდა:

აღმოსავლეთ ჩინეთის შანდუნის პროვინციაში, საპორტო კომპანია Shandong Port Group-მა აშშ-ის მიერ სანქცირებული ტანკერების მიღება შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ავრცელებს. 

კომპანიის გადაწყვეტილებით, სანქცირებულ ტანკერებს აღნიშნული პროვინციის პორტებში გაჩერება, ტვირთის დაცლა და სხვა მომსახურებების მიღება ეკრძალებათ. 

შანდუნის პორტი ზედამხედველობს ჩინეთის აღმოსავლეთ სანაპიროზე არსებულ მთავარ პორტებს, მათ შორის ქინგდაოს, რიჟაოს და იანტაის, რომლებიც სანქცირებული ნავთობის იმპორტის ძირითადი ტერმინალებია.

Reuters-ის ცნობით, გასულ წელს შანდუნის პროვინციაში ირანიდან, რუსეთიდან და ვენესუელიდან დაახლოებით 1.74 მილიონი ბარელი ნავთობი შევიდა, რაც ჩინეთის იმპორტის დაახლოებით 17%-ს შეადგენს. საზღვაო მონაცემთა ჯგუფის Lloyd's List Intelligence-ის მთავარი ანალიტიკოსის, ვიზე ბოკმანის განცხადებით, ირანის, რუსეთისა და ვენესუელის ნავთობის გადამზიდი ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტი 669 ტანკერს მოიცავს, ხოლო 250-300 ტანკერი, როგორც წესი, ჩართული იყო რუსული ნავთობის გადაზიდვაში. 

Shandong Port-ის განმარტებით გადაზიდვის აკრძალვას "შეზღუდული ზემოქმედება" ექნება, ვინაიდან სანქცირებული ნავთობის უმეტესი ნაწილი არასანქცირებული ტანკერებით იგზავნება. 

გასული წლის ოქტომბერ-დეკემბერში აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები 35 ტანკერზე დააწესა. Reuters-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია დამატებით 100 ტანკერზე გეგმავს სანქციების დაწესებას. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი