საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, "ქართული ოცნებას" ორი არჩევანი აქვს: წავიდეს ახალი არჩევნების ორგანიზებაზე, ან დაელოდოს პარტიის დაშლას.
მისი თქმით, ორივე ალტერნატივისთვის მზად არიან.
"ორი ვარიანტი აქვს დღეს მმართველ გუნდს: ერთი, რომ დაინახოს ეს რეალობა, დაინახოს, რა უნდა ქართველ ხალხს და თვითონ წავიდეს დათმობაზე, წავიდეს ახალი არჩევნების ორგანიზებაზე იმ ძალებთან ერთად, რომლებიც არიან ქვეყანაში და იმ რეკომენდაციების გათვალისწინებით, რაც არსებობს.
მეორე ვარიანტი არის ბევრად უფრო ძნელი და რთული ქვეყნისთვის, რომ მმართველი პარტია დაელოდოს ბოლომდე დაშლას, რაც მოითხოვს სხვა ტიპის პასუხისმგებლობის გადანაწილებას, მაგრამ ესეც იქნება, თუკი მმართველი პარტია არ შეეგუება იმას, რომ უნდა გაითვალისწინოს ჩვენი ხალხისა და პარტნიორების ერთობლივი მოთხოვნა, რომ ახალი არჩევნების გარეშე არაფერი არ შეიძლება ამ ქვეყანაში და ეს ქვეყანა იქნება ასე გაყინული, რაც დიდხანს ნამდვილად ვერ გაჩერდება.
ჩვენ ორივე ალტერნატივისთვის მზად ვართ და ვიქნებით, ეს ბრძოლა გრძელდება", - თქვა ზურაბიშვილმა ბრიფინგზე.