ევროკავშირი საქართველოსთან დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის გასაუქმებლად ემზადება. რიგითი მოქალაქეები შენგენის ზონაში მოგზაურობას კვლავაც ვიზის გარეშე შეძლებენ. თუმცა დიპლომატიური პასპორტების მფლობელები და ოფიციალური პირები უახლოეს მომავალში ვეღარ ისარგებლებენ იგივე პრივილეგიებით.
პირველი სანქციების გადაწყვეტილება უკვე არსებობს ევროკავშირში. მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთი და სლოვაკეთი ამ გადაწყვეტილებისთვის ვეტოს დადებას ცდილობდნენ, კვალიფიციური უმრავლესობის პოზიცია უკვე არსებობს. უნგრეთისა და სლოვაკეთის გარდა 25-ვე სახელმწიფო თანხმდება, რომ "ქართული ოცნების" რუსული პოლიტიკის წინააღმდეგ კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო.
ხვალ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები იმსჯელებენ ამ გადაწყვეტილებაზე და თვის ბოლოს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საბოლოოდ დაამტკიცებენ გადაწყვეტილებას.
"ჩვენ მივიღეთ წინადადება საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ ქართველი დიპლომატებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებისა და ქართველი დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების შეჩერების თაობაზე.
ახლა საბჭომ უნდა განიხილოს ეს წინადადება და გადაწყვიტოს ნაწილობრივ შეაჩეროს თუ არა ვიზების გამარტივების შეთანხმება და წევრმა ქვეყნებმა მიიღონ საჭირო შიდა ზომები.
როგორც კი ეს ძალაში იქნება, ქართველი დიპლომატები ვეღარ შეძლებენ ევროკავშირში უვიზო მიმოსვლას და ქართველ დიპლომატებსა და თანამდებობის პირებზე ვიზების გაცემის გამარტივება, როგორიცაა შემცირებული სავიზო მოსაკრებელი და განაცხადის განხილვის მოკლე დრო, აღარ გავრცელდება. ეს არ ეხება რიგით მოქალაქეებს", - განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა, მარკუს ლამერტმა.
"განვიხილეთ ასევე საქართველოს ხელისუფლების დემოკრატიული უკუსვლა და ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას. იყო სანქციების შემოთავაზებაც და ჩვენ ფინანსური დახმარება შევაჩერეთ. ჩვენ ველით, რომ არსებული კრიზისი ისე გადაწყდება, როგორც ამას მოითხოვს ქართველი ხალხის დემოკრატიული ნება და ჩვენ ასევე მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას", - განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა ანიტა ჰიპერმა.