რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, შეერთებული შტატების მომავალ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს კონგრესიდან გაუგზავნეს წერილი, სადაც „ქართული ოცნების“ „ავტორიტარული მმართველობის, არჩევნების გაყალბებასა“ და „ჩინეთის, რუსეთისა და ირანის აგრესიის ღერძისკენ საქართველოს გადახრის“ შესახებ ატყობინებენ მას.
ამავე წერილში, რომელიც კარგად ინფორმირებული წყაროს ცნობით, 2025 წლის 9 იანვარს გაეგზავნა რუბიოს, ჩამოთვლილია საქართველოს პოლიტიკურ და ბიზნეს სცენაზე მყოფი 26 ადამიანი, - „ივანიშვილის „მაცოცხლებელთა“ [enalbers] ქსელი“, - რომლებიც, წერილის თანახმად, არიან „ელიტური გარემოცვა, კორუმპირებული ფინანსური მუშაკები, პროპაგანდისტები და ისინი, ვინც რეპრესიულ სახელმწიფო აპარატს ამუშავებენ“.
სიაში, რომელიც დონალდ ტრამპის მიერ სახელმწიფო მდივნად დასახელებულ მარკო რუბიოს გაუგზავნეს, არიან:
„ივანიშვილის ოჯახისა და ახლო წრის წევრები“:
ეკატერინა ხვედელიძე, ივანიშვილის ცოლი
ალეკო ივანიშვილი,
შმაგი კობახიძე
უჩა მამაცაშვილი
„ქართული ოცნების“ ლიდერები, მინისტრები და სახელმწიფო თანამდებობის პირები:
ნათია თურნავა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი
კახა ბექაური - კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე;
თორნიკე რიჟვაძე, აჭარის მთავრობის მეთაური
გრიგოლ ლილუაშვილი, სუს-ის უფროსი
ვახტანგ გომელაური, შინაგან საქმეთა მინისტრი
კახა კალაძე, თბილისის მერი
ირაკლი კობახიძე - წერილში მოხსენიებულია როგორც „დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი“;
ასევე, ლაშა ნაცვლიშვილი - მოხსენიებულია, როგორც „პარტიის იდეოლოგი“
ვასილ მაღლაფერიძე - საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი. მოხსენიებულია, როგორც „პარტიის იდეოლოგი“;
„კორუმპირებული ფინანსური „გამაძლიერებლები“ ეკონომიკის სხვადასხვა სფეროდან, მათ შორის მედიიდან:
ირაკლი რუხაძე, „იმედის“ მფლობელი (აშშ-ის მოქალაქე)
სოსო ფხაკაძე, „ვისოლის“ დამფუძნებელი
ხვიჩა მაქაცარია
ირაკლი გილაური - „საქართველოს კაპიტალის“ (Geo Capital) დირექტორი;
ვანო ჩხარტიშვილი
სულხან პაპაშვილი
გიორგი კაპანაძე („რიჟა“)
ილია წულაია, „არქის“ დამფუძნებელი
ნოშრევან ნამორაძე
ვიქტორ ჯაფარიძე, „პოსტივის“ მფლობელი, პარლამენტარი
მოსამართლეები
მიხეილ ჩინჩალაძე
ლევან მურუსიძე.
წერილი მიმოიხილავს საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს, - წინასააჩევნო გარემოს, სადავო არჩევნებს, პრო-ევროპულ საპროტესტო დემონსტრაციებს, მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევას და მედიასა და სამოქალაქო საზოგადოების დევნას.
„მართალია, შეერთებულმა შტატებმა შესაქები ნაბიჯები გადადგა ივანიშვილის სანქცირებით, აუცილებელია, აღიარებულ იქნას, რომ მის ძალაუფლებას ამყარებს „მაცოცხლებელთა“ ქსელი“, - წერია მიმართვაში.
მარკო რუბიოსადმი გაგზავნილ წერილში მოთხოვნილია ამ ადამიანების სანქცირება.