"იუსტიციის სახლთან ჩემი 13 წლიანი თანამშრომლობა ერთ თვეში დასრულდება" | იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი მეგი კაციტაძე

გამოქვეყნდა:

"იუსტიციის სახლთან ჩემი 13 წლიანი თანამშრომლობა ერთ თვეში დასრულდება," - ამის შესახებ სოციალურ ქსელში იუსტიციის სახლის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მეგი კაციტაძე წერს

"ჩემი "საშობაო საჩუქრის" დროც მოვიდა! იუსტიციის სახლის თავმჯდომარისგან წერილი მივიღე, რომლითაც მატყობინებს რომ დამსაქმებელი ცალმხრივად წყვეტს ჩემთან შრომით ურთიერთობას. შესაბამისად, იუსტიციის სახლთან ჩემი 13 წლიანი თანამშრომლობა ერთ თვეში დასრულდება.

როგორც იცით, ბოლო ორი წელია ვხელმძღვანელობ იუსტიციის სახლის იურიდიულ დეპარტამენტს, თუმცა ჩემთვის ნებისმიერ თანამდებობაზე და პირად კეთილდღეობაზე პრიორიტეტული იმ პრინციპებისა და ღირებულებების დაცვაა, რომელიც ჩემი როგორც საჯარო მოსამსახურის მთავარ ვალდებულებად მიმაჩნია - ერთგულად ვემსახურო ხალხს და სახელმწიფოს, დავიცვა საქართველოს კონსტიტუცია და კანონები.

შესაბამისად, 2024 წლის 28 ნოემბერს პირად ფეისბუქ გვერდზე, ხოლო 29 ნოემბერს უკვე იუსტიციის სახლის თანამშრომლის სახელით, ღიად დავაფიქსირე ჩემი პოზიცია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით. ძალიან სამწუხაროა, რომ იუსტიციის სახლის პროგრესულად მოაზროვნე თანამშრომელთა სულისკვეთება, რომელიც წესით საამაყო და დასაფასებელი უნდა იყოს ევროპისკენ „ღირსებით“ მიმავალი ქვეყნის ხელისუფლებისთვის, გახდა ჩემთან და ჩემს მეგობრებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ერთადერთი საფუძველი.

სამწუხაროდ, სწორედ საქართველოს პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებული კანონი იქნა გამოყენებული ჩვენ მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციული ქმედებების ბერკეტად. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, თუ პოლიტიკური კონტექსტისგან აბსოლუტურად დაცლილ განცხადებას სისტემური მასშტაბის რეპრესიები მოჰყვებოდა. თუმცა, არცერთი წუთით არ ვნანობ აღნიშნულს, ამ „შედეგის“ გათვალისწინებითაც იგივე გადაწყვეტილებას მივიღებდი.

მიუხედავად ყველაფრისა, მახსოვს ის მხარდაჭერაც, რომელიც მქონდა, მათ შორის იმ ხელმძღვანელებისგანაც, რომლებმაც დღეს ჩემი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღეს. თუმცა, გულწრფელად ვწუხვარ მათი არჩევანის გამო. ვწუხვარ, რომ დაკანონებული უკანონობის სახელით მიზანმიმართულად ანადგურებენ საჯარო სამსახურის რეპუტაციას და გამოუსწორებელ ზიანს აყენებენ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. იმედია, ამ უსამართლო გადაწყვეტილებების მიღებისას კარგად აქვთ გააზრებული მათი წილი პასუხისმგებლობა.

ჩემთვის ახალ გამოწვევებთან გამკლავება მხოლოდ მეტი სტიმულის და მოტივაციის მომცემია. მერწმუნეთ, ჩემი ამჟამინდელი ემოცია საერთოდ არ უკავშირდება უსამსახუროდ დარჩენის წუხილს. თუმცა ვერ დავმალავ, რომ მაწუხებს რაღაც ძალიან მშობლიურთან და ჩემთვის ღირებულთან განშორების მღელვარებით გამოწვეული განცდა.

ეს ფოტო ორი წლის წინ დაიდო იუსტიციის სახლის გვერდზე, უწყებაში კარიერული განვითარების შესაძლებლობის სადემონსტრაციოდ. მჯერა, აუცილებლად დადგება დრო, როცა საჯარო სამსახურში მხოლოდ პროფესიონალიზმი და ქვეყნის (და არა რომელიმე პარტიის ან ხელმძღვანელის) ინტერესების ერთგულება დაფასდება!

სამართლიანობისთვის ბრძოლას ყოველთვის მოაქვს შედეგი!" - წერს მეგი კაციტაძე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი