"ძალიან უცნაური პროცესია - ჩვენ ადამიანებად გვაყალიბებს არა მხოლოდ წარსული, არამედ როგორ აღვიქვამთ და ვხედავთ მომავალს", - ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმ მსახიობმა, ანდრო ჭიჭინაძემ სასამართლოს სიტყვით მიმართა.
"ძალიან უცნაური პროცესია და ვერ ვხვდები რა ხდება. ახლა გამახსენდა, იოზეფ კ, არის კაფკას ასეთი პერსონაჟი, რომელსაც სასამართლო პროცესი აქვს და არ იცის რა ხდება მის თავს. ეს რომანი არის გაურკვევლობაზე. თვითონ წიგნი აბსურდია და გაურკვევლობაზეა. სულ ვფიქრობდი, როგორ შეიძლება ეს შეგრძნება პრაქტიკაში გაცოცხლდეს-თქო. რაღაცნაირად მოხერხდა და ძალიან უცნაური არის. უცნაური და ერთი მხრივ საინტერესო. ჩვენ ადამიანებად გვაყალიბებს არა მხოლოდ წარსული, არამედ როგორ აღვიქვამთ და ვხედავთ მომავალს. დიდი მადლობა", - განაცხადა ჭიჭინაძემ.
შეგახსენებთ, რომ ოლიგარქის სასამართლოში, დღეს, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და რეჟიმის კიდევ 9 პატიმრის პროცესი მიმდინარეობს. დღეს ერთადერთი საკითხი განიხილება, დატოვებს თუ არა დაკავებულებს სასამართლო წინასწარ პატიმრობაში. აქციების მონაწილე 11-ვე დაკავებულს რეჟიმის პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.
ფოტო: პუბლიკა