ბაგა-ბაღები სწავლებას 12 ოქტომბერს განაახლებენ, მანამდე კი ბავშვებს საკვებ პროდუქტებს მერია დაურიგებს. ამის შესახებ, დღეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
"ჩემს მოადგილეს ილია ელოშვილს ვავალებ, რომ ამ ორ კვირიან ვადაში, ბავშვებისთვის პროდუქტების მიწოდება იყოს მაქსიმალურად უზრუნველყოფილი, როგორც ეს გავაკეთეთ პანდემიის პირობებში. ოჯახებს და ბავშვებს მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი და დავეხმაროთ. ეს მხარდაჭერა და თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია, მითუმეტეს, ამ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში, როდესაც პანდემიამ ქვეყანას სერიოზული ეკონომიკური პრობლემები შეუქმნა. გარდა ამისა, საბავშვო ბაღებს ახალი რეგულაციები დაუწესდათ." - ამბობს ქალაქის მერი.
მერის თანახმად, კორონავირუსის გამო დაწესებული ახალი რეგულაციების მიხედვით, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ გადაამზადა ბაღების დირექტორები და თანამშრომლები. ასევე, მომზადდა აღსაზრდელთა მიღება-გაშვების გრაფიკიც.
ცნობისთვის, სასწავლო პროცესი მას შემდეგაა შეჩერებული, რაც საქართველოში კორონავირუსის შემთხვევბი გამოვლინდა.