"საქმეში მტკიცებულება კი არა, მტკიცებულებების ერთობლიობაც არ არსებობს, რაზე დაყრდნობითაც სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება უნდა მიეღო" | საზოგადოებრივი ადვოკატი სოფიო გოგლიჩიძე

გამოქვეყნდა:

"დაცვის მხარეს არ მოგვეცა შესაძლებლობა, გავსაუბრებოდით, მოგვესმინა ბრალდებულების პოზიციები - საქმეში მტკიცებულება კი არა, მტკიცებულებების ერთობლიობაც არ არსებობს, რაზე დაყრდნობითაც სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება უნდა მიეღო", - ამის შესახებ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის ბრალდებულების, გიორგი გიორგაძისა და ნიკოლოზ ჯავახიშვილის საზოგადოებრივმა ადვოკატმა სოფიო გოგლიჩიძემ ჟურნალისტებს მას შემდეგ განუცხადა, რაც ოლიგარქის მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ რვავე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

"დაცვის მხარეს არ მოგვეცა შესაძლებლობა, გავსაუბრებოდით, მოგვესმინა ბრალდებულების პოზიციები, ვინაიდან ისინი უკვე წაყვანილები იყვნენ საბადრაგო სამსახურის მიერ დაწესებულებაში.

გიორგი გორგაძის პოზიცია არ ვიცოდი, ჯავახიშვილს ვიცავდი, თუმცა მასთანაც არ მომეცა გასაუბრების შესაძლებლობა იმის შესახებ, რა მოთხოვნა და პოზიცია ჰქონდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ დაცვის მხარე დღეს ეს შესაძლებლობა მოესპო.

სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. მოკლედ განაცხადა, რომ აკმაყოფილებდა ბრალდების შუამდგომლობას და ძალაში დატოვა პატიმრობა.

ბრალდების მხარეს არანაირი მტკიცებულება არ აქვს წარმოდგენილი საქმეში არც ჯავახიშვილთან და არც გიორგაძესთან მიმართებით. მხოლოდ არის ექსპერტიზის დასკვნები. სახეზე არცერთი ჩანს და რაზე დაყრდნობით მიიღო ექსპერტიზამ გადაწყვეტილება. სასამართლოც ამაზე დაყრდნობით აპელირებს, რომ ეს იყო თუნდაც ნიკოლოზ ჯავახიშვილი. რაც შეეხება სხვა მტკიცებულებებს, დღემდე გამოძიებას ახალი მტკიცებულება მოპოვებული არ აქვს საქმეში. დღესაც ვერ წარმოადგინა. ასე რომ, საქმეში მტკიცებულება კი არა, მტკიცებულებების ერთობლიობაც არ არსებობს, რაზე დაყრდნობითაც სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება უნდა მიეღო", - განაცხადა სოფიო გოგლიჩიძემ.

საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, ასევე მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული რვავე პირი პატიმრობაში რჩება.

შეგახსენებთ, ოლიგარქის მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ ისე მიიღო, რომ სათათბიროდაც არ გასულა.  

ფოტო: IPN

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი