აშშ-ის ახალი მოწვევის კონგრესმა კი მუშაობა უკვე დაიწყო და საქართველოზე ორი მნიშვნელოვანი კანონპროექტის ინიციირებაც მოასწრო. ერთი განახლებული "მეგობარი აქტია", მეორე კი - "ქართული კოშმარის არაღიარების აქტი". ორივეს ორპარტიული მხარდაჭერა აქვს, ანუ მისი ინიციატორები არიან კონგრესმენები როგორც რესპუბლიკური, ისე - დემოკრატიული პარტიიდან. "ქართული ოცნება კოშმარად იქცა"- ეს დემოკრატი კონგრესმენის, სტივ კოენის სიტყვებია, რომელიც ახლა უკვე კონგრესში წარდგენილი საკანონმდებლო აქტის სახელი გახდა. "ქართული კოშმარის არაღიარების აქტი" კრძალავს "ქართული ოცნების" მთავრობის აღიარებასა და მასთან ურთიერთობის ნორმალიზებას, ასევე რაიმე ტიპის თანამშრომლობას ან კომუნიკაციას, რომელიც იმას მიანიშნებს, თითქოს მას ლეგიტიმურად აღიარებენ.
საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობაზე და აშშ-სთან ურთიერთობის მომავალზე კონგრესში ტენესის შტატის წარმომადგენელი, დემოკრატი კონგრესმენი სტივ კოენი "ამერიკის ხმას" ესაუბრა.
“ჰელსინკის კომისიის” წევრთა უმეტესობა დაინტერესებულია საქართველოსთან უკეთესი ურთიერთობით. და ამისთვის [საჭირო] გზა არის ამ უკანონო, ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილი მთავრობის არაღიარება, რომელმაც უკანონო, შეუსაბამო არჩევნები ჩაატარა, რომელსაც საერთაშორისო დამკვირვებლები აფასებენ, როგორც არაზუსტსა და უსამართლოს. [საჭიროა] შევაჩეროთ ურთიერთობა მანამ, სანამ ჩატარდება ახალი არჩევნები და იქნება პარლამენტი, რომელიც მთელ ქართველ ხალხსა და განსხვავებულ პარტიებს წარმოადგენს, ამჟამად, ეს მხოლოდ ივანიშვილის პარტიაა, ეს ივანიშვილის ხალხია.
მას ქართველი ხალხი დასავლეთისგან შორს მიჰყავს, იქიდან, სადაც ვფიქრობ მას სურს, რომ იყოს. მიჰყავს რუსეთთან უფრო ახლოს, სადაც თავად მისი გული და მისი ფულია. ესაა მისი მიმართულება. ეს სამწუხარო სიტუაციაა.
გვაქვს “მეგობარი აქტი”, პირველი აქტი, რომელიც ავალდებულებს სანქციების გადახედვას ყველა ქართველი ოფიციალური პირის მიმართ - “ოცნების გუნდის” მიმართ, რასაც მე “კოშმარულ გუნდს” ვუწოდებ - ოცნებას, რომელიც კოშმარად იქცა. ყველა, ვინც კორუფციაში ან საქართველოს სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრაშია მხილებული, დასანქცირდება. ის ასევე ცდილობს დასახოს ის გზები, რომლითაც ქვეყანას შეუძლია ჩვენთან [ურთიერთობას] დაუბრუნდეს, იქნება ეს სავაჭრო პოლიტიკა თუ სხვა.
მაგრამ ახლა, ძალიან რთულია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის იმ მთავრობის ლეგიტიმურობის აღიარება, რომელიც გაყალბებულ არჩევნებს ეფუძნება. და აი აქამდე მოვედით.
გვაქვს კიდევ ერთი აქტი - რომელიც ქართული რეჟიმის არაღიარებას გულისხმობს. იმ ფაქტის გამო, რომ არჩევნები არ იყო სათანადო და სამართლიანი. ეს მეორე აქტი ამერიკას უკრძალავს ივანიშვილის რეჟიმის აღიარებას, ის აღიარებს სალომე ზურაბიშვილს საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად. ეს საშინელი ვითარებაა." - აცხადებს კონგრესმენი სტივ კოენი.