თბილისის მერი, კახა კალაძე აბუ დაბიში მომხდარზე ჟურნალისტებთან ამბობს, რომ "ვერ მოიყვანენ მაგალითს, თუნდაც პარლამენტარი თავს დასხმოდა მოქალაქეს". აბუ დაბიში ოლიგარქის დეპუტატები ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე მოქალაქეს თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
კალაძის თქმით, "ძალადობას ყოველთვის გაეცემა შესაბამისი პასუხი".
"დეპუტატი, თანამდებობის პირი თავს არავის ესხმის. რა თქმა უნდა, ვნახე ვიდეოკადრები და არავის ეპატიება არც სიტყვიერი შეურაცხყოფა, არც ფიზიკური. ვერ მოიყვანთ ვერცერთ მაგალითს, რომ თუნდაც პარლამენტარი ან რომელიმე თანამდებობის პირი, თავს დასხმოდა მოქალაქეს.
არავის აქვს უფლება, მივიდეს ადამიანთან, რომელიც თავისთვის ზის, საუზმობს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენოს მას. ძალადობა, ჩემთვის ყოველთვის მიუღებელია და ამაზე არაერთხელ გამიკეთებია განცხადება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როდესაც შეურაცხყოფა ხდება, ამას ყოველთვის მოჰყვება რეაგირება.
თქვენ ცდილობთ, დანერგოთ ტენდენცია, რომ თუ ადამიანი არის თანამდებობის პირი, მიდის ვიღაც, აყენებს შეურაცხყოფას, მან კი თავი უნდა დახაროს და წავიდეს. ეს ვერ მოხდება. ძალადობას ყოველთვის გაეცემა შესაბამისი პასუხი", - თქვა მან.
აბუ დაბიში ოლიგარქის დეპუტატები მოქალაქეს თავს დღეს, 13 იანვარს დაესხნენ.