პროკურატურა "ბათუმელების" დამფუძნებლისა და დირექტორისთვის, მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს - ამის შესახებ "მთავარი არხის" ეთერში განცხადება გამოცემა "ბათუმელების" რედაქტორმა ეთერ თურაძემ გააკეთა:
"გვაცნობეს სასამართლოდან, რომ პროკურატურა ითხოვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას. მე გადავხედე დოკუმენტს, სადაც წერია შაბლონურად, თუ რატომ სჭირდებათ მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვება, რომ შეიძლება მიიმალოს, ან რაღაც გავლენა მოახდინოს ვიღაც პირებზე. დაზარალებული არის ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე, რომელმაც მოაწყო ეს ე.წ. ანგარიშსწორება" განაცხადა ეთერ თურაძემ "დღის სტუმრის" ეთერში.
მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
ამაღლობელის საქმეს მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს.
მზია ამაღლობელი ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 11-12 იანვრის ღამეს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს და მალევე გაათავისუფლეს, რამდენიმე წუთში კი უკვე სისხლის სამართლის წესით დააკავეს.
მზია ამაღლობელისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი ბათუმის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 14 იანვარს, 11 საათზე განიხილება.