"მაშინ, როცა შეერთებული შტატები ოლიგარქ ივანიშვილს სანქციებს უწესებს, საბჭო მხოლოდ ამზადებს გეგმებს ქართველი ჩინოსნებისთვის დიპლომატიური პასპორტების გაუქმებაზე, რაც სრულიად არასაკმარისია", - განაცხადა ნიდერლანდელმა ევროპარლამენტარმა, რენიერ ვან ლანშოტმა ევროპარლამენტში, სადაც ევროკომისარ მართა კოსს უსმენენ.
როგორც ვან ლანშოტი ამბობს, ქართველი ხალხი ითხოვს მხარდაჭერას და ევროკავშირმა ეს მხარდაჭერა უნდა უზრუნველყოს.
"გმადლობთ, რომ პირდაპირ უკრაინაზე გადახვედით. სრულად ვუჭერ მხარს იმას, რომ ეს თქვენი პრიორიტეტების სიაში ნომერ პირველი საკითხია. მაშინ როცა ტრამპი თეთრ სახლში ბრუნდება, პირველი ტესტი ევროპის შესაძლებლობისთვის, იზრუნოს საკუთარ უსაფრთხოებაზე საქართველოში ხდება. თვეზე მეტია ქართველი ხალხი უპრეცედენტო რაოდენობით არის მობილიზებული, რათა რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტი გამოხატოს, რომელიც, საკუთარი ხალხის ნების წინააღმდეგ, რუსეთს გულში იკრავს, რადგან საქართველოში მოსახლეობის დიდი უმრავლესობა პროევროპულია და ეს მე თავად მოვისმინე გასულ თვეში თბილისში ყოფნის დროს.
ისინი ითხოვენ ჩვენს მხარდაჭერას და ჩვენ უნდა მივცეთ ეს მხარდაჭერა. იმედი მაქვს, რომ საქართველო თქვენს პრიორიტეტთა სიაში უფრო მაღლა იქნება. მაშინ, როცა შეერთებული შტატები ოლიგარქ ივანიშვილს სანქციებს უწესებს, EU-ის საბჭო მხოლოდ ამზადებს გეგმებს ქართველი ჩინოსნებისთვის დიპლომატიური პასპორტების გაუქმებაზე, რაც სრულიად არასაკმარისია", - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.
ევროპარლამენტარმა მარტა კოსს ჰკითხა, რის გაკეთებას აპირებს სანქციების დასაწესებლად, უჭერს თუ არა მხარს საქართველოში ახალი, დამოუკიდებელი არჩევნების ჩატარების შესახებ მოწოდებას და რა სხვა ზომებს მიიღებს ქართველი დემოკრატების დასახმარებლად.
მართა კოსმა კითხვას ასე უპასუხა:
"გეთანხმები, რენიერ ვან ლანშოტ. მე, პირადად, საქართველოს სიამოვნებით დავაყენებდი დღის წესრიგში უფრო მაღლა“.