რიონზე ჰესების მშენებლობის გასაპროტესტებლად პეტიცია შეიქმნა - იგეგმება აქციებიც

გამოქვეყნდა:

რიონზე დაგეგმილი ჰესების მშენებლობის გასაპროტესტებლად - მოძრაობა „არა ონის კასკადს (აოკ)“ და „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ - მოსახლეობას ხელმოწერების შეგროვებისკენ მოუწოდებენ. პეტიცია ვებ-გვერდზე manifest.ge-ზეა შექმნილი.

პეტიციის ავტორთა თქმით, რიონის ხეობაში ონისა და ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა აზიანებს ბუნებას და საფრთხეს უქმნის რეგიონს, განსაკუთრებით კი, რაჭის, ლეჩხუმისა და ქუთაისის მოსახლეობას.

ამასთან, მათივე თქმით, რიონი ვეღარ შეძლებს შეასრულოს ეკოლოგიური ფუნქცია - მდინარის მიკროკლიმატის დაზიანება გამოიწვევს სასოფლო-სამეურნეო მიწეფის გამოფიტვას და მინერალური წყლების გაქრობას.

ასევე, მოსალოდნელია, რომ დაიკარგება ქართული ვაზის უნიკალური ჯიშების - ცოლიკაურის, ტვიშის, ხვანჭკარას და უსახელოურის მიკროზონები. 

არც ერთ პროექტზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ არ გაითვალისწინა ადგილობრივი მოსახლეობის პოზიცია. პროექტებზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებები მოსახლეობის და საზოგადოების სათანადო ჩართულობის და მონაწილეობის გარეშე, კანონდარღვევით გაიცა“ - წერია პეტიციაში.

ჰესების მშენებლობის შეწყვეტასთან ერთად, პეტიციის ავტორები რაჭის ეროვნული პარკის შექმნას და ჰიდროელექტროსადგურებზე გაფორმებული ხელშეკრულებების გასაჯაროვებას ითხოვენ. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, პეტიციის ავტორები პერმანენტული აქციების გაგრძელებას და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის მიმართვას გეგმავენ.

შეგახსენებთ, რომ ნამახვანის ხეობაში, ჰესის მშნებლობის გამო, კლდის აფეთქებები უკვე დაიწყო, რასაც სამოქალაქო აქტივისტებისა და ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი