აშშ-ში ვიზიტად მყოფი "ძლიერი საქართველოს" ლიდერები კონგრესმენ ჯო უილსონს შეხვდნენ - ინფორმაციას მამუკა ხაზარაძე ავრცელებს და წერს, რომ ახალი ადმინისტრაცია სრულად იზიარებს ქართველი ხალხის სამართლიან მოთხოვნებს - დაინიშნოს ახალი არჩევნები, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ კურსს!
"MEGOBARI ამერიკა ქართველი ხალხის გვერდით დგას და საქართველოსთვის ამ უმნიშვნელოვანეს მომენტში ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას განაგრძობს!
ეს განწყობაა კონგრესმენებთან ყველა ოფიციალურ შეხვედრაზე, რომელსაც ამ დღეებში ვაშინგტონში ვმართავთ.
დღეს განსაკუთრებით ემოციური და ამავდროულად საქმიანი შეხვედრა გვქონდა ქართველი ხალხის დიდ გულშემატკივართან და უკვე ჩვენს მეგობართან, კონგრესმენ Joe Wilson-თან, რომელსაც ხალხის რჩეული, გამარჯვებული ოპოზიციის ერთობლივი დოკუმენტი გადავეცით.
კონგრესმენი საქართველოს მართლაც რომ დიდი გულშემატკივარია, საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ზედმიწევნით დეტალური ინფორმაცია აქვს, კაბინეტში საქართველოს დროშაც უკიდია და თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართული საზოგადოების ძლიერი მხარდამჭერია.
ახალი ადმინისტრაცია სრულად იზიარებს ქართველი ხალხის სამართლიან მოთხოვნებს - დაინიშნოს ახალი არჩევნები, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და რაც მთავარია - აღდგეს კონსტიტუციური სამართალი და საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ კურსს!" წერს ხაზარაძე.