პროდასავლური პოლიტიკური კოალიციები ერთიანი ბაზის შექმნას გეგმავენ, სადაც თავს მოიყრის ყველა ის მოსამართლე, პროკურორი და შსს-ს წარმომადგენელი, რომელიც მშვიდობიანი დემონსტრანტების დასჯაში მონაწილეობს - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ პოლიტიკური გაერთიანებების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„შევთანხმდით, რომ გავაკეთოთ ერთიანი ბაზა, სადაც თავს მოვუყრით ყველა იმ მოსამართლეს, პროკურორს, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, მათ შორის, ცრუ მოწმეებს პოლიციელების სახით, რომლებიც ახლა მონაწილეობას იღებენ მშვიდობიანი დემონსტრანტების დასჯაში და ამ ბაზაზე დაფუძნებით გვინდა მერე რაღაცების გაკეთება. მაგრამ ჯერ გვინდა ბაზაზე შეჯერება, რადგან ყველას ცალ-ცალკე ბაზა გვაქვს და გვინდა ერთიანი გავაკეთოთ,“ - განაცხადა ჯაფარიძემ.
დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი საკითხი არჩევნებს ჩატარების ადმინისტრირებას შეეხებოდა.
„ერთ-ერთი საკითხი არის, ის როდესაც დადგება მომენტი, რომ ჩაინიშნება ახალი არჩევნები, როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები ისე, რომ არ დაგვემართოს იგივე, როგორც დაგვემართა 26 ოქტომბერს, რომ ეს არჩევნები მართლა იყოს სამართლიანი. ამ საკითხზე ვერსიები განვიხილეთ,“ - განაცხადა ჯაფარიძემ.