ორი თავდასხმა ერთმანეთის მიყოლებით და ორივე ივანიშვილის მოხელეების ძალადობრივი ჯგუფისგან. ბათუმის სასტუმრო "შერატონში" "ქართული ოცნების" რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე და მისი დაჯგუფება ჯერ ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს ესხმიან თავს და შემდეგ ფიზიკურად უსწორდებიან ყოფილ პრემიერ გიორგი გახარიას.
სახელისუფლებო კლანის რეაქცია ამ ძალადობაზე სტანდარტული და "ქართული ოცნების" ნორმების შესაბამისი აღმოჩნდა - ადგილზე პოლიციას, ფაქტობრივად, ნულოვანი რეაგირება ჰქონდა, სამხარაძის უდანაშაულო მსხვერპლად გამოცხადების ოპერაციაში კი სამთავრობო მედია ჩაერთო და რეალობის დასამახინჯებლად აჩვენა დამონტაჟებული კადრები, რომლებშიც არც თავდასხმის დასაწყისი ჩანს, არც პროცესი და მხოლოდ შედეგია ნაჩვენები.