„ყელში მწვდა და ზევით ამწია...ორსულად ვიყავი და მუცელი მომეშალა“ | 5 დეკემბერს დაკავებული ანრი კვარაცხელიას ცოლი ქმრის დაკავების დეტალებს ჰყვება

გამოქვეყნდა:

5 დეკემბერს დაკავებული დემონსრანტის, ანრი კვარაცხელიას ცოლი, ნუცა ერემიანი "რადიო თავისუფლებას დაკავების დეტალებს უყვება. მისი თქმით, პოლიციის მხრიდან განხორციელებული ძალადობისა და ზეწოლის გამო, სტრესის ფონზე, მას მუცელი მოეშალა.

"ხმაური მომესმა, გავიხედე, ჩვენი ბინის მეპატრონე საუბრობდა ვიღაც უცხო ადამიანებთან ერთად და ჩავთვალე, რომ ალბათ მეზობლები იყვნენ, ან ვინმე შეიძლება მისი ნაცნობი ყოფილიყო. ანრის რომ ვუთხარი ეს ყველაფერი, ანრიმ თქვა, რომ მემგონი მოვიდნენო. კარები, რა თქმა უნდა, ჩაკეტილი გვქონდა, ამ დროს კარზე გვესმის ხმაური, როგორ ცდილობდნენ ბლაგვი ნივთით სახელურის გატეხვას და ჩუმად შემოჭრას სახლში.

მათი პირველი წინადადება იყო, რომ თუ შეიძლება მანქანა გადააყენეთ და ერთი ჭიქა წყალი რომ მომაწოდოთ, ცუდად ვარ. ჩვენ მანქანა არ გვყავს და უკვე გარკვეული მოცემულობიდან გამომდინარე ვიცოდით რაშიც მდგომარეობდა საქმე. რა თქმა უნდა, დაჟინებით ვთხოვდით, რომ დამადასტურებელი საბუთი ან ჩხრეკის ორდერი ან რაიმე მსგავსი დამადასტურებელი დოკუმენტი წარედგინათ, მაგრამ არა. რატომღაც ძალადობის მხარე უფრო აირჩიეს.

კარებს არ ვაღებდით, ჩვენი სახლი არცთუ ისე დიდი იყო და ფანჯრის მხრიდან მესმის ბრახუნი, როგორ ურტყამს წიხლს და მთლიანად, ხელებით როგორ აწვებიან ფანჯარას, ან გადმოანგრიონ შიგნით, ან ჩატყდეს... კარებს უკვე ვეღარც ვიჭერდით, სახელური იმდენად გატეხილი იყო, ძირს ჩამოვარდა და მხოლოდ ბუდე იყო გასაღების დარჩენილი კარებში. სახლში იყო დაახლოებით 15 ადამიანი, 2 ადამიანი მე მაკავებდა, 2 ანას აკავებდა, ჩემი მეუღლის დას, დანარჩენები ანრის, ჩემს მეუღლეს, იგერიებდნენ ცემით, წიხლებით, მუშტებით, გინებით... ერთ-ერთი ყველაზე დიდი რომელიც იყო, ჩემ წინ დადგა და ორივე ხელით ყელში მწვდა, კითხულობდა ჩემი მეუღლე სად არის და იგინებოდნენ დედის მიმართულებით... ანრი კი არ გაიყვანეს, გაათრიეს სახლიდან... ამ შეტაკებების დროს, რომელიც ჩვენს სახლში მოხდა, ამ ყველაფრის მერე, 2 კვირის თავზე დამეწყო სუნთქვითი პრობლემები, გამირთულდა, მიმდიოდა გული, ვერც ვჭამდი ვერც საჭმელს, ვერ ვიძინებდი... ეს სტრესის ბრალიც იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ ექიმთან როგორც კი წავედი, მითხრეს, რომ 3 კვირის ვადაზე მომეშალა მუცელი, იყო სტრესის ბრალი", - ჰყვება ნუცა ერემიანი.

ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის გდდ-ს თანამშრომლისთვის სროლის ბრალდებით 25 წლის ანზორ (ანრი) კვარაცხელია 5 დეკემბერს, საკუთარ სახლში დააკავეს. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი