"საქართველოს მთავრობამ ქვეყანა ადამიანის უფლებათა კრიზისამდე მიიყვანა 2024 წელს", - ამის შესახებ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ი წერს და წლიურ ანგარიშს აქვეყნებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ "ქართულმა ოცნებამ" მიიღო ახალი რეპრესიული კანონები, დაშორდა ევროკავშირს და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ გამოიყენა სასტიკი, ძალადობრივი დარბევის მეთოდები.
"სამართალდამცავებმა უპასუხეს 2024 წლის ევროკავშირის პროტესტს ძალადობრივი ძალით, ცრემლსადენი გაზის, წყლის ჭავლის, რეზინის ტყვიების და სხვადასხვა სახის ფიზიკური ძალადობის გამოყენებით. სპეცრაზმი და ხელისუფლებასთან დაკავშირებულმა არაფორმალურმა ძალადობრივმა ჯგუფებმა სცემეს ოპოზიციის წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ჟურნალისტები და დაუსჯელად ერეოდნენ მათ მუშაობაში...
აპრილის ბოლოდან ივნისის ჩათვლით, უცნობმა თავდამსხმელებმა განახორციელეს ძალადობრივი თავდასხმები ათზე მეტ აქტივისტზე, რის შედეგადაც ხშირ შემთხვევაში, დაზიანებები საჭიროებდა ჰოსპიტალიზაციას. თავდასხმების უმეტესობა განხორციელდა თავდამსხმელთა მცირე ჯგუფების მიერ საჯარო ადგილებში მოწმეებითა და CCTV კამერებით. თუმცა პოლიციას არცერთი ეჭვმიტანილი არ გამოუვლენია ან დაუკავებია," - წერია ანგარიშში.
ორგანიზაცია ასევე ყურადღებას ამახვილებს "ქართული ოცნების" მიერ მიღებულ "უცხოური აგენტის" ტიპის კანონსა და "ანტი ლგბტ" კანონზე, რომელიც აწესებს დისკრიმინაციულ შეზღუდვებს განათლების, ჯანმრთელობის, გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებებზე.
"მთავრობას დაუნდობლად მიჰყავს ქვეყანა რეპრესიულ ეპოქაში, რომელი საქართველოსთვის უცნობია, მაგრამ ძალიან ნაცნობია ავტორიტარულ სახელმწიფოებში. მაგრამ არასდროს არ არის გვიან, რომ შეცვალოს კურსი, გააუქმოს რეპრესიული კანონები, დაუშვას შეკრების თავისუფლება, შეწყვიტოს ძალადობა მომიტინგეების წინააღმდეგ და პასუხისმგებლობაში დააკისროს პოლიციას," - განაცხადა ჰიუ უილიამსონმა, Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორმა.
Human Rights Watch-ი ანგარიშში წერს, რომ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა დამოუკიდებელი გამოძიება უნდა მოითხოვონ მშვიდობიანი აქციების ძალადობრივი მეთოდებით დაშლის შესახებ და უნდა განიხილონ ინდივიდუალური სანქციების დაწესება იმ ოფიციალური პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დემონსტრანტებზე ძალადობაზე.
"საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა მოითხოვონ დამოუკიდებელი გამოძიება ხელისუფლების მიერ ძირითადად მშვიდობიანი ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ძალადობრივი ჩახშობის შესახებ და განიხილონ მიზანმიმართული, ინდივიდუალური სანქციების დაწესება იმ ოფიციალური პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობრივ შეურაცხყოფაზე," - წერს Human Rights Watch-ი.