"თავისუფალი ვარ! გაერთიანებული საამიროების სასამართლო სისტემა იყო სამართლიანი, ეფექტური და დამოუკიდებელი... მოხარული ვარ, რომ ეს ინციდენტი მოხდა თავისუფალ და პასუხისმგებლობიან ქვეყანაში", - ლაშა გაბიტაშვილის წერილს სოციალურ ქსელში მისი ცოლი, ოლგა ობრაზცოვა ავრცელებს.
"მეგობრებო, თავისუფალი ვარ!
დიდი მადლობა ქართველ ხალხს ამ დღეებში გამოჩენილი მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის. არაბთა გაერთიანებული საამიროების სასამართლო სისტემა იყო სამართლიანი, ეფექტური და დამოუკიდებელი. მოხარული ვარ, რომ ეს ინციდენტი მოხდა თავისუფალ და პასუხისმგებლობიან ქვეყანაში. მოუთმენლად ველი დაბრუნებას საქართველოში, რომელიც იმსახურებს თავისუფალ მოაზროვნეებსა და პასუხისმგებლობიან ლიდერებს. განსაკუთრებული მადლობა ჩემს ოჯახს, ახალ და ძველ მეგობრებს და ოლგას, რომელიც ჩემი პირადი გმირია!
მოგვიანებით შევძლებ კითხვებზე პასუხს, როდესაც საქმე დაიხურება", - წერს გაბიტაშვილი.
შეგახსენებთ, რომ 13 იანვარს, აბუ-დაბიში, "ქართული ოცნების" დეპუტატები ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და გელა სამხარაული მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა. შემთხვევა სასტუმროს სასადილოში მოხდა. კადრებში ჩანს, რომ ლაშა გაბიტაშვილს, სადილობის დროს, ირაკლი ზარქუამ საჭმელი შეაყარა და ფიზიკურად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ჩხუბში ვიქტორ სანიკიძე ჩაერთო. მოგვიანებით, ლაშა გაბიტაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა სადაც ამბობს, რომ შემთხვევა წინა დღეს მომხდარ ფაქტს უკავშირდება, რა დროსაც მან ირაკლი ზარქუასა და ვიქტორ სანიკიძეს "რუსი მონა" უწოდა.