ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისი ადასტურებს დელეგაციების მიერ დოჰაში "ჰამასთან" შეთანხმების ხელმოწერას, თუმცა ისრაელის მთავრობა მის განხილვას და დამტკიცებას შაბათამდე ვერ შეძლებს. ოფისის ინფორმაციით, შეთანხმების ფაქტი პრემიერ-მინისტრს მომლაპარაკებელთა ჯგუფმა აცნობა.
ისრაელის მთავრობას შეთანხმება 16 იანვარს უნდა დაემტკიცებინა, თუმცა ხუთშაბათს, ნეთანიაჰუს ოფისმა განაცხადა, რომ ისრაელის მთავრობას არ შეუძლია ხმა მისცეს ჰამასთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დამტკიცებას, რადგან დაჯგუფებამ ბოლო წუთს მთელ რიგ შეთანხმებებზე უარი თქვა და ცდილობდა ახალი პუნქტების ჩასმას შეთანხმებაში. ისრაელის თანხმობის გარეშე შეთანხმება ძალაში ვერ შევა.
The Times of Israel-მა და Jerusalem Post-მა, ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ პრემიერ-მინისტრი პარასკევს მოიწვევს სამხედრო კაბინეტს შეთანხმების კენჭისყრისთვის. თუმცა, ჰამასთან შეთანხმება უნდა დაამტკიცოს სრულუფლებიანმა მთავრობამ, რომელიც, ნეთანიაჰუს პრესსამსახურის ცნობით, შაბათ საღამომდე ვერ შეიკრიბება.
შეთანხმება, რომელიც ისრაელის მთავრობის მიერ დამტკიცების შემდეგ, 19 იანვრიდან უნდა ამოქმედდეს, ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას, ადგილობრივი მოსახლეობის ჰუმანიტარულ დახმარებას და "ჰამასის" მიერ მძევლების, ხოლო ისრაელის მიერ პალესტინელი პატიმრების ეტაპობრივად გათავისუფლებას ითვალისწინებს.
ისრაელმა ღაზის სექტორში, "ჰამასის" წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს პალესტინელთა რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობის "ჰამასის" წევრები თავს დაესხნენ ისრაელის სამხრეთს, 1200 ადამიანი მოკლეს და 250-ზე მეტი მძევლად აიყვანეს. ისრაელის მონაცემებით, "ჰამასის" მძევლობაში 90-ზე მეტი ადამიანი რჩება. პალესტინური მხარის ინფორმაციით, 2023 წლის ოქტომბრიდან ღაზის სექტორში დაღუპულია 45 000-ზე მეტი ადამიანი. ასეულობით ათასი დევნილად იქცა.