
დავით გარეჯის ტერიტორიებზე დაწყებულ გამოძიებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეხმაურება. პროკურატურისგან განსხვავებით, ზალკალიანი ასახელებს პერიოდს, რომლითაც გამოძიებაა დაინტერესებული. საუბარია 2006-2007 წლების შეთანხმებებზე.
საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ცოტა ხნის წინ, როდესაც საქართველოში იმყოფებოდა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მასთან შეხვედრისას განხილული იყო ორმხრივი ურთიერთობის ყველა ძირითადი მიმართულება, რა თქმა უნდა, გარეჯისა და საზღვრის დელიმიტაციის საკითხიც.
მოძიებულ იქნა უაღრესად მნიშვნელოვანი დამხმარე საშუალებები, მათ შორის კარტოგრაფიული რუკები და ექსპერტული დასკვნები, როგორც ჩვენი, ისე ჩვენი საერთაშორისო ექსპერტების დასკვნები. მე პრესკონფერენციაზეც ვთქვი, რომ ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, გაჩნდეს გარკვეული კითხვები 2006-2007 წლების შეთანხმებებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, მივიღეთ დეზინფორმაციის ნიაღვარი ოპოზიციური პარტიების მხრიდან პირადად ჩემს მიმართ, რაც აბსოლუტურად უსაფუძვლოა, რადგან მე ვმოქმედებდი როგორც სახელმწიფო მოხელე, ჩვენის სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. სამწუხაროდ, ოპონენტებმა ეს გამოიყენეს თავიანთი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის და მოახდინეს ამ ძალიან დელიკატური, მნიშვნელოვანი პროცესის პოლიტიზება, რაც კატეგორიულად მიუღებელია“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
შეგახსენებთ, რომ უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.