"ჩვენ მხნედ ვართ, კედლები თავისუფლებას ვერ ზღუდავს. თავისუფლება სულშია" | რეჟიმის პატიმარი დავით ლომიძე გლდანის ციხიდან

გამოქვეყნდა:

"ჩვენ მხნედ ვართ, კედლები თავისუფლებას ვერ ზღუდავს. თავისუფლება სულშია", - 2 დეკემბერს, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს დაკავებული დავით ლომიძე გლდანის ციხიდან წერილს ავრცელებს.


"გამარჯობა და გამარჯობა საზოგადოებას, რომლის გამოც ბრძოლა ნამდვილად ღირს. მე არ შემიძლია მოგიძღვნათ ლექსი, არც პოემის დაწერის ნიჭ მარგუნა ბუნებამ. მე ერთი რიგითი მოქალაქე ვარ, რომელიც შეაწუხა ამ უსამართლობის ყურებამ. მე ვნახე ჩემს შვილებზე ძალადობდნენ, ჩემ და-ძმებს უმოწყალოდ უსწორდებოდნენ. ჰოდა, როგორც მამამ, როგორც ძმამ, როგორც პაპამ, ვის შვილიშვილსაც მომავალს ართმევენ, ჩავთვალე, რომ სახლში ჯდომა ლაჩრობის ტოლფასი იყო. მე ვიცი, რომ ილია ამას არ გვასწავლიდა. მე ვიცი, რომ ქაქუცა ამისთვის არ იბრძოდა. მე დღეს ეს ადამიანები თქვენში დავინახე და დღეს, ერთადერთი შეგრძნება მაქვს - სიამაყე. მე ამაყი ვარ, რადგან თქვენი თანამებრძოლი მქვია. მე მეამაყება ილიას ხილვა, მეამაყება ამდენი ქაქუცა რომ იბრძვის ჩვენი ერისთვის. ჩვენ ერთხელ ვიბადებით. ერთი ენა და ქვეყანა გვაქვს. არ გვემეტება ქვეყანა გუბერნიად იქცეს. ჩვენ ქართველები ვართ და ამაყი ვარ თუ ჩემი თავი ამ ქვეყანას თუნდაც ერთ აგურად თუ გამოადგება. მეამაყებით. დღეს ყველაზე ამაყი ვარ. ჩვენ აუცილებლად გავხდებით იმ ოჯახის წევრნი, რომელსაც ევროპა ჰქვია და ამას ნამდვილად თავაწეულები შევძლებთ. მადლობა განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომლებმაც მოგვცეს საშუალება ვიყოთ ამაყნი. ჩვენ მხნედ ვართ, კედლები თავისუფლებას ვერ ზღუდავს. თავისუფლება სულშია, რომელიც მარადიულად ჩვენ გვეკუთვნის. მეამაყებით", - წერია წერილში.

ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი 2024 წლის 1-ელ დეკემბერს, ღამის საათებში, თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, ჭიჭინაძის ქუჩაზე თავს დაესხნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს და მათ ე.წ. "მოლოტოვის კოქტეილები" ესროლეს. ასევე, მათივე მტკიცებით, აღნიშნული ქმედების შედეგად ცეცხლი წაეკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებულ წყლის ჭავლის სპეციალურ ავტომანქანას.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 2 დეკემბერს დააკავეს.

მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი