"რამდენიმე აქტივისტის ჭკუაზე ეს ინსტიტუტი არ ივლის. ამას უნდა შეეგუოთ მომდევნო 4 წლის განმავლობაში", - ასე ეხმაურება სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი მის ოფისთან გამართულ საპროტესტო აქციას.
"დღეს, ჩემს ოფისთან რამდენიმე ადამიანმა აქცია გამართა. მათგან ზოგი შეგნებულად ავრცელებს არასწორ ინფორმაციას, ზოგი კი, სავარაუდოდ, შეცდომაშია შეყვანილი. მსაყვედურობენ, რომ თითქოს თვალს ვხუჭავ მიმდინარე აქციების დროს პოლიციის მხრიდან პროტესტის მონაწილეთა მიმართ სავარაუდო წამების, არასათანადო, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე.
იმის დასტურად, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება, წარმოგიდგენთ ჩემს მიერ აქციების მიმდინარეობის პერიოდში გაკეთებული განცხადებების მხოლოდ ნაწილს, რომელთა სრული ვერსიები თანდართულ ბმულებზე შეგიძლიათ იხილოთ.
რაც შეეხება არჩევნების საკითხს, კიდევ ერთხელ განვმარტავ: მე ვერ შევაფასებ არჩევნების გაყალბების საკითხს, ვინაიდან არ წარმოვადგენ სადამკვირვებლო ორგანიზაციას. ის, რომ ვენდობი ეუთო/ოდირის დასკვნებს და არა ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებებს, ჩემი უფლებაა. არ მჯერა, რომ 100 000 ადამიანს პირადობის მოწმობა ჩამოართვეს. ეს რომ სიმართლე იყოს, მათი ნახევარი მაინც აქციაზე იქნებოდა. ამ გარემოების დასადასტურებლად მტკიცებულება არ მინახავს. აქციის ორგანიზატორებისგან მოვისმინე, რომ ამის თქმის უფლება არ მაქვს, რაც უბრალოდ ღიმილის მომგვრელია. გირჩევთ, აქციები იმ ორგანიზაციებთან გამართოთ, ვინც ეს ტყუილები დაგაჯერათ.
რომელი ტელევიზიის ეთერში გამოვჩნდები, ნამდვილად არ შეგეკითხებით (შეიძლება ადრე ასე იყო). მივალ იქ, სადაც დამიძახებენ და ჩემი აზრის მოსმენა დააინტერესებთ. სანამ მე ვარ სახალხო დამცველი, სიმართლე არ დაიმალება. რამდენიმე აქტივისტის ჭკუაზე, რომლებმაც ძირითადად ბილწსიტყვაობით და სიძულვილის ენის გამოყენებით გამაცნეს თავი, ეს ინსტიტუტი არ ივლის. ამას უნდა შეეგუოთ – მომდევნო 4 წლის განმავლობაში. P.S შეეშვით აპარატის თანამშრომლების თაგვას, დანამუსებას და ზეწოლას, არ ხართ აქ ყველაზე პოპულარული ხალხი", - დაწერა ლევან იოსელიანმა სოციალურ ქსელში.