შიდა ქართლში"ოცნების" ჩინოვნიკებმა საახალწლოდ ხელფასების გაზრდასთან ერთად პრემიებიც გასცეს. ასობით ათასი ლარი, მხოლოდ გორში, იმ საბიუჯეტო ორგანიზაციებში პრემიის სახით გაიცა, რომლებსაც ოლიგარქის რეჟიმი პარტაქტივის შესანახად იყენებს. ოპოზიციის განცხადებით, პრემიები გასცეს იმ ადამიანებზე, რომლებიც აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ 26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებაში და ამომრჩეველზე ზეწოლაში.
პრემიების გაცემას ადასტურებს გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე, თუმცა აცხადებს, რომ როგორც პრემიები ასევე სახელფასო მატება დამსახურებულად მიიღეს და უარყოფს არჩევნების გაყალბებაში საჯარო მოხელეების მონაწილეობას.
"ჩვენთან პრემიები გაიცა მხოლოდ და მხოლოდ აპარატზე და მის თანამშრომლებზე, 90% სახელფასო სარგოსი. მათ არანაირი შეხება არ ჰქონიათ არჩევნებზე, არანაირი გაყალბება არ ყოფილა," - აცხადებს დავით რაზმაძე, რომლის ყოველთვიური ხელფასიც 2025 წელს 6700 ლარს გადააჭარბებს.
გორის მერის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი ხელფასის სახით 7300 ლარს მიიღებს.
გორელი ჩინოვნიკების მსგავსად ხელფასები 10%-ით გაეზარდათ, შიდა ქართლის რეგიონის სხვა ქალაქების ადმინისტრაციებშიც.