"საფრანგეთში ტრამპს ვუთხარი, რომ საქართველოს დღეს სჭირდება მხარდაჭერა, სანამ ეს ყველაფერი ღია კრიზისში გადაიზრდება. უკვე 53 დღეა, ქუჩაში მყოფი ხალხი აპროტესტებს, რომ ეს მთავრობა, რომელსაც მანდატი არ აქვს და რომელიც საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ მოქმედებს, ცდილობს, საქართველო ევროატლანტიკური გზიდან გადაიყვანოს. ამერიკის მხარდაჭერა სწორედ აქ გვჭირდება.
მაშინ პრეზიდენტად არჩეულმა და ხვალიდან უკვე პრეზიდენტმა ტრამპმა, მითხრა, რომ ის საქართველოში ნამყოფია, რომ საქართველოსა და ამერიკის მეგობრობას ძალიან აფასებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის საქართველოს უფრო ძლიერი მოკავშირე იქნება მაშინ, როცა ჩვენს ქვეყანას ეს ყველაზე მეტად სჭირდება და როცა საქართველო თქვენი, ამერიკელების, ყურადღების ცენტრში უნდა იყოს.
ტრამპს ვურჩევდი პუტინს უთხრას - ხელები შორს საქართველოსგან, ხელები შორს კავკასიისგან, რადგან ეს დასავლეთის ქვეყნების ინტერესის სფეროა. ეს რეგიონი რუსეთის მმართველობის ქვეშ ვეღარ მოექცევა. კავკასიას დამოუკიდებლად არსებობის უფლება უნდა მიეცეს, როგორც ეს საუკუნეების მანძილზე იყო - ადგილი, სადაც სხვადასხვა ცივილიზაცია ხვდებოდა ერთმანეთს. ამ ადგილას ევროპული ფასეულობები ყოველთვის ცენტრალური იყო, საქართველო კი ქვეყანაა, რომელსაც ძალიან აქტიური სამოქალაქო საზოგადოება ჰყავს და რომელსაც სურს, რომ იმ ფასეულობების მქონე საზოგადოების ნაწილი იყოს, რომელსაც ევროპა და აშშ წარმოადგენენ. ასე რომ, ხელები შორს საქართველოსგან.
ვიმედოვნებ, რომ ამერიკა არ იქნება დაკავშირებული იმ რეჟიმებთან, რომლებიც საკუთარ ხალხს არ წარმოადგენენ. ამერიკის ინტერესები სწორედ ამაში უნდა გამოიკვეთოს. ჩვენ აქ ვართ, რათა ამერიკასა და ქართველ ხალხის ეს საერთო ინტერესები დავიცვათ. ხალხი არასდროს უნდა შეეწიროს მსხვერპლად იმ მთავრობებთან ურთიერთობებს, რომლებიც მათ არ წარმოადგენენ.
მოკლე შეხვედრა მქონდა მარკო რუბიოსთან, მომავალ სახელმწიფო მდივანთან, რაც ჯერ დადასტურებული არაა. ჩემი მიზანი იყო, რომ იმ რამდენიმე დღეში, რასაც ვაშინგტონში გავატარებ, მასთან სრულფასოვანი შეხვედრის შესაძლებლობა მქონოდა. მასაც და აშშ-ის ელჩს გაეროში, რომელსაც ასევე შევხვდი, ვუთხარი, რომ ვიმედოვნებ, საქართველო მათთვის არა პრობლემა, არამედ გამოსავალი იქნება."
- თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა FOX News-თან ინტერვიუში.