უკრაინის პრეზიდენტმა დღეს ვიდეოჩანაწერი გაავრცელა, სადაც ჩრდილოეთ კორეელი სამხედრო მოსამსახურის დაკითხვის ფრაგმენტია ასახული. სამხედრო, სავარაუდოდ, კურსკის რეგიონში უკრაინელი ჯარისკაცების მიერ დატყვევებულთაგან ერთ-ერთია.
არსებული ცნობებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკში იანვრის დასაწყისში რამდენიმე ჩრდ. კორეელი სამხედრო დაატყვევეს.
ზელენსკის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ჯარისკაცი უკრაინის სპეცსამსახურების წარმომადგენლების კითხვებს თარჯიმნის მეშვეობით პასუხობს. ის კორეულად საუბრობს. როდის, სად და რა ვითარებაში გადაიღეს ვიდეო, უცნობია.
ვიდეოში ჩრდილოეთ კორეელი ამბობს, რომ 17 წლიდან მსახურობს ჯარში და ამტკიცებს, რომ რუსეთში ასამდე თანამემამულესთან ერთად, გემით ჩავიდა, შემდეგ კი მატარებლით გადაიყვანეს. თუმცა არ უთხრეს, რომ რუსეთში ომში მონაწილეობისთვის მიჰყავდათ.
ტყვე ამტკიცებს, რომ არაფერი იცის ჩრდილოეთ კორეის მიღმა არსებული სამყაროს შესახებ, მათ შორის, არც სამხრეთ კორეაზე. მისივე თქმით, ომში მისი ბევრი თანამებრძოლი დაიჭრა.
"დაზვერვის ინფორმაცია რუსეთის ტერიტორიაზე ასეთი სამხედრო პერსონალის გადაადგილების, მათი წვრთნისა და ზოგადი ინფორმაციული იზოლაციის შესახებ დასტურდება პატიმრების სიტყვებით“, - აცხადებს ზელენსკი.