დონალდ ტრამპი ოჯახთან ერთად ვაშინგტონში, წმინდა იოანეს ეკლესიაში წირვას დაესწრო. ინაუგურაციის დღეს, დილით ეკლესიაში მსახურებაზე მისვლა აშშ-ის პრეზიდენტებისთვის ტრადიციაა.
დონალდ ტრამპთან ერთად ეკლესიაში იმყოფებოდა მომავალი ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი მეუღლესთან ერთად. ასევე კომპანია "მეტას" დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი, "ამაზონის" დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი და გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი.
ტრამპი ფიცს თბილისის დროით საღამოს ცხრა საათზე დადებს.
ტრადიციულად, ცერემონია კაპიტოლიუმის კიბეებზე, ღია ცის ქვეშ იმართება ხოლმე, თუმცა ამჯერად ძლიერი ყინვის გამო, პირველად 1985 წლიდან, ღონისძიება შენობაში ჩატარდება.
შესაბამისად, კაპიტოლიუმის შიგნით ფიცის დადების ცერემონიას შეზღუდული რაოდენობის ადამიანი დაესწრება – დაახლოებით 600 ადამიანი.
ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ ახალი პრეზიდენტი საინაუგურაციო სიტყვით წარდგება.
ცნობისთვის, 2017 წლის ინაუგურაციაზე დონალდ ტრამპის სიტყვა დაახლოებით 17 წუთს გაგრძელდა.
ამერიკული მედიის ცნობით, საინაუგურაციო მიმართვაში დონალდ ტრამპი აშშ-ის ეროვნული ინტერესების ახალი ეპოქისა და საღი აზრის რევოლუციის შესახებ გამოაცხადებს.