რაზე ილაპარაკა დონალდ ტრამპმა ინაუგურაციაზე | სიტყვით გამოსვლის სრული ტექსტი

გამოქვეყნდა:

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ინაუგურაციაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
 

იხილეთ სრული ტექსტი:

"ამერიკის ოქროს ხანა იწყება ახლა, დღეიდან ჩვენი ქვეყანა აყვავდება და კვლავ პატივს სცემენ მთელ მსოფლიოში. ჩვენ ვიქნებით ყველა ერის შურის ობიექტი და აღარ დავუშვებთ, რომ ვინმემ ბოროტად გამოგვიყენოს. ტრამპის ადმინისტრაციის ყოველ დღეს ამერიკას დავაყენებ პირველ ადგილზე. ჩვენი სუვერენიტეტი დაბრუნდება, ჩვენი უსაფრთხოება აღდგება და სამართლიანობის სასწორი დაბალანსდება. დასრულდება იუსტიციის დეპარტამენტისა და ჩვენი მთავრობის სასტიკი, ძალადობრივი და უსამართლო გამოყენება. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იქნება ამაყი, წარმატებული და თავისუფალი ერის შექმნა. ამერიკა მალე გახდება უფრო დიდი, ძლიერი და გამორჩეული, ვიდრე ოდესმე ყოფილა. პრეზიდენტად დავბრუნდი დარწმუნებული და ოპტიმისტურად განწყობილი, რომ ვდგავართ ეროვნული წარმატების ახალი ეპოქის დასაწყისში. ცვლილებების ტალღა მოიცავს ქვეყანას, მზის შუქი ეფინება მთელ მსოფლიოს და ამერიკას აქვს შანსი, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, როგორც არასდროს, მაგრამ ჯერ უნდა ვიყოთ გულწრფელნი იმ გამოწვევების შესახებ, რომლებიც გვაქვს. მართალია, ისინი მრავლადაა, მაგრამ ეს გამოწვევები აღმოიფხვრება იმ იმპულსის წყალობით, რომლის მოწმეც არის მსოფლიო ახლა შეერთებულ შტატებში.

როდესაც დღეს ვიკრიბებით, ჩვენი მთავრობა ნდობის კრიზისის წინაშე დგას. მრავალი წლის განმავლობაში, რადიკალურმა და კორუმპირებულმა ისტებლიშმენტმა მოიპოვა ძალაუფლება და სიმდიდრე ჩვენი მოქალაქეებისგან, მაშინ როდესაც ჩვენი საზოგადოების საყრდენები იყო გატეხილი და ერთი შეხედვით სრულად დანგრეული. 

ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელსაც არ შეუძლია, მართოს მარტივი კრიზისიც კი ქვეყნის შიგნით და, ამავდროულად, ებმება კატასტროფულ მოვლენებში საზღვარგარეთ. ის ვერ იცავს ჩვენს შესანიშნავ კანონმორჩილ ამერიკელ მოქალაქეებს, მაგრამ თავშესაფარსა და დაცვას სთავაზობს საშიშ კრიმინალებს, რომელთაგან ბევრი ციხეებიდან და ფსიქიატრიული დაწესებულებებიდანაა და უკანონოდ შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელიც უსაზღვრო დაფინანსებას გასცემს უცხო ქვეყნების საზღვრების დასაცავად, მაგრამ უარს ამბობს, დაიცვას ამერიკის საზღვრები ან უფრო მნიშვნელოვანი – საკუთარი ხალხი.

ჩვენს ქვეყანას აღარ შეუძლია ძირითადი მომსახურების მიწოდება საგანგებო სიტუაციებში, როგორც ეს ბოლოს ჩრდილოეთ კაროლინის შესანიშნავმა ხალხმა ნახა, რომელსაც ძალიან ცუდად მოეპყრნენ. სხვა შტატები კვლავ იტანჯებიან რამდენიმე თვის წინანდელი ქარიშხლის შედეგებისგან. ან ახლახან, ლოს ანჯელესში, სადაც ხანძრები კვლავ ტრაგიკულად მძვინვარებს. კვირების განმავლობაში, ყოველგვარი დაცვის გარეშე, ხანძარი ანადგურებს სახლებსა და თემებს, გავლენას ახდენს ჩვენი ქვეყნის უმდიდრეს და ყველაზე გავლენიან ადამიანებზე, რომელთაგან ზოგიერთი ახლა აქ ზის. მათ აღარ აქვთ სახლი. ეს საინტერესოა. მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია ამის დაშვება. ჩვენ გვაქვს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემა, რომელიც ვერ მუშაობს კატასტროფების დროს, თუმცა მასზე იხარჯება იმაზე მეტი ფული, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. გვაქვს განათლების სისტემა, რომელიც ჩვენს შვილებს ასწავლის, რომ რცხვენოდეთ საკუთარი თავის ბევრ შემთხვევაში, ქვეყნის სიძულვილს, მიუხედავად იმ სიყვარულისა, რომლის მიცემასაც ასე სასოწარკვეთით ვცდილობთ მათთვის. ეს ყველაფერი შეიცვლება დღეიდან და ეს ძალიან სწრაფად მოხდება. ჩემი ბოლო არჩევნები არის ყველა ამ საშინელი ღალატის მთლიანად შეცვლის და ხალხისთვის რწმენის, სიმდიდრის, დემოკრატიისა და თავისუფლების დაბრუნების მანდატი.

ამ მომენტიდან აშშ-ის დაცემის ეპოქა დასრულდა. ჩვენი თავისუფლებები და ჩვენი ქვეყნის დიდებული ბედი აღარ იქნება დასამარებული და ჩვენ დაუყოვნებლივ აღვადგენთ ამერიკის მთავრობის ერთიანობას, კომპეტენციას და ერთგულებას. ბოლო რვა წლის განმავლობაში მე გამოვიარე იმაზე მეტი გამოცდა და გამოწვევა, რაც ყველა სხვა პრეზიდენტს ჩვენს 250-წლიან ისტორიაში. ამავე დროს მე ბევრი რამ ვისწავლე. შემიძლია, გითხრათ, ჩვენი რესპუბლიკის დაბრუნების გზა არ არის მარტივი. მათ, ვისაც სურდათ, შეეჩერებინათ ჩვენი სვლა, სცადეს ჩემი თავისუფლების წართმევა და ჩემი სიცოცხლის წართმევა. სულ რამდენიმე თვის წინ ლამაზ პენსილვანიაში მკვლელის მიერ გასროლილი ტყვია ყურში მომხვდა და ახლა კიდევ უფრო მეტად მჯერა, რომ ჩემი სიცოცხლე უმიზეზოდ არ გადარჩენილა. მე გადამარჩინა ღმერთმა, რათა ამერიკა კვლავ დიადი გავხადო. სწორედ ამიტომ, ამერიკელი პატრიოტების, ჩვენი ადმინისტრაციის პირობებში თითოეული დღე ჩვენ ვიმუშავებთ, რათა თითოეულ კრიზისს წინ აღვუდგეთ ღირსებით, სიძლიერით და სიმტკიცით. ჩვენ ვიმოძრავებთ მიზნით და სიჩქარით, რათა დავუბრუნოთ იმედი, კეთილდღეობა, უსაფრთხოება და მშვიდობა ყველა რასის, ყველა რელიგიის, ყველა ფერის მოქალაქეებს და ვაქციოთ ამერიკელი მოქალაქეებისთვის 2025 წლის 20 იანვარი გათავისუფლების დღედ.

იმედი მაქვს, რომ ჩვენი ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები აღიარებული იქნება როგორც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი და ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები. როგორც ჩვენმა გამარჯვება აჩვენა, მთელი ერი სწრაფად ერთიანდება ჩვენი დღის წესრიგის გარშემო, რაც თავის მხრივ გამოიხატება მხარდაჭერის დრამატულ ზრდაში თითქმის ყველა სოციალური ჯგუფის მხრიდან: ახალგაზრდებისგან და ხანდაზმულებისგან, კაცებისგან და ქალებისგან, აფროამერიკელებისგან, ლათინოამერიკელებისგან, აზიელი ამერიკელებისგან. ქალაქის, გარეუბნების, სოფლის მოსახლეობისგან, და რაც მთავარია, ჩვენ მოვიპოვეთ ძლიერი გამარჯვება შვიდივე მერყევ შტატში. სახალხო კენჭისყრაში მილიონობით ხმით გავიმარჯვეთ. მინდა, მადლობა გადავუხადო შავკანიან და ლათინოამერიკელ თემებს იმ უდიდესი სიყვარულისა და ნდობისთვის, რაც თქვენი ხმებით გამოხატეთ. ჩვენ დავამყარეთ რეკორდები და მე ამას არ დავივიწყებ.

მე მოვისმინე თქვენი ხმები კამპანიის დროს და მოუთმენლად ველოდები თქვენთან თანამშრომლობას. დღეს მარტინ ლუთერ კინგის დღეა და მის პატივსაცემად ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ მისი ოცნების ასასრულებლად. ჩვენ მის ოცნებას რეალობად ვაქცევთ. ეროვნული ერთიანობა ბრუნდება ამერიკაში, თავდაჯერებულობა და სიამაყე უპრეცედენტოდ მაღალია. ყველაფერში, რასაც გავაკეთებთ, ჩემს ადმინისტრაციას შთააგონებს სრულყოფილებისკენ სწრაფვა და დაუმარცხებელი წარმატება. ჩვენ არ დავივიწყებთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს კონსტიტუციას და ჩვენს ღმერთს. ამას ვერ გავაკეთებთ. დღეს ხელს მოვაწერ მნიშვნელოვან აღმასრულებელ ბრძანებებს, ამ ქმედებებით დავიწყებთ ამერიკის სრულ აღდგენას და საღი აზრის რევოლუციას, პირველ რიგში, გამოვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას ჩვენს სამხრეთ საზღვარზე, ყველა უკანონო შემოსვლა დაუყოვნებლივ შეჩერდება და დავიწყებთ მილიონობით კრიმინალი უცხოელის დაბრუნებას იქ, საიდანაც მოვიდნენ.

ჩვენ აღვადგენთ ჩემს პოლიტიკას "დარჩი მექსიკაში". მე დავასრულებ "დაიჭირე და გაათავისუფლე" პრაქტიკას და გავგზავნი ჯარებს სამხრეთ საზღვარზე ჩვენი ქვეყნის დამანგრეველი შემოჭრის შესაჩერებლად. დღეს ხელმოწერილი ბრძანებებით, ჩვენ ასევე გამოვაცხადებთ კარტელებს უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციებად. 1798 წლის უცხოელ მტერთა აქტის გამოყენებით, მე მივცემ მითითებას ჩვენს მთავრობას, გამოიყენოს ფედერალური და შტატების სამართალდამცავი ორგანოების სრული და უზარმაზარი ძალა ყველა უცხოური ბანდისა და კრიმინალური ქსელის აღმოსაფხვრელად, რომლებიც დამანგრეველ დანაშაულს სჩადიან აშშ-ს ტერიტორიაზე, მათ შორის ჩვენს ქალაქებსა და შიდა უბნებში. როგორც მთავარსარდალს, არ მაქვს უფრო მაღალი პასუხისმგებლობა, ვიდრე ჩვენი ქვეყნის დაცვა საფრთხეებისა და შემოჭრებისგან. სწორედ ამას გავაკეთებ. ჩვენ ამას გავაკეთებთ ისეთ დონეზე, როგორიც არავის უნახავს. შემდეგ, მე მივცემ მითითებას ჩემი კაბინეტის ყველა წევრს, გამოიყენონ მათ განკარგულებაში არსებული ვრცელი უფლებამოსილებები რეკორდული ინფლაციის დასამარცხებლად და ხარჯებისა და ფასების სწრაფად შესამცირებლად. ინფლაციის კრიზისი გამოწვეული იყო ენერგიის მასიური ჭარბი ხარჯვითა და მზარდი ფასებით, ამიტომაც დღეს მე გამოვაცხადებ ეროვნულ ენერგეტიკულ საგანგებო მდგომარეობას.

ამერიკა კვლავ წარმოების ქვეყანაა გახდება, და ჩვენ გვაქვს რაღაც ისეთი, რაც სხვა წარმოების ქვეყანა არ ექნება – მსოფლიოში ყველაზე დიდი ნავთობი და გაზი და ჩვენ ამას გამოვიყენებთ.

ჩვენ კვლავ შევამცირებთ ფასებს, ბოლომდე შევავსებთ ჩვენს სტრატეგიულ რეზერვებს და ამერიკულ ენერგეტიკულ რესურსებს მთელ მსოფლიოში გავიტანთ. ჩვენ კვლავ ვიქნებით მდიდარი ქვეყანა და ამაში დაგვეხმარება ჩვენს ფეხთ ქვეშ არსებული "თხევადი ოქრო". ჩემი ქმედებებით დღეს ჩვენ დავასრულებთ ახალ მწვანე შეთანხმებას და გავაუქმებთ "ელექტრომანქანების მანდატს", რითაც გადავარჩენ ჩვენს ავტოინდუსტრიას და შევასრულებ ავტოინდუსტრიის ამერიკელი თანამშრომლებისთვის მიცემულ ჩემს წმინდა დაპირებას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, თქვენ შეძლებთ თქვენი არჩევანის მიხედვით მანქანის შეძენას. ჩვენ კვლავ შევქმნით ავტომობილებს ამერიკაში იმ მასშტაბით, რაზეც ამერიკაში რამდენიმე წლის წინ არავის უოცნებია.

მე დაუყოვნებლივ დავიწყებ ჩვენი სავაჭრო სისტემის გადახედვას, რათა დავიცვათ ამერიკელი მუშები და ოჯახები. სხვა ქვეყნების გასამდიდრებლად ჩვენი მოქალაქეებისთვის გადასახადების დაკისრების ნაცვლად, ჩვენ დავუწესებთ ტარიფებსა და გადასახადებს უცხოურ ქვეყნებს, რათა გავამდიდროთ ჩვენი მოქალაქეები. ამ მიზნით ჩვენ შევქმნით საგარეო შემოსავლების სამსახურს, რათა შევაგროვოთ ყველა ტარიფი, საბაჟო გადასახადი და შემოსავალი. ჩვენი ხაზინა მიიღებს ფულის უზარმაზარ რაოდენობას უცხოური წყაროებიდან. ამერიკული ოცნება მალე დაბრუნდება, აყვავდება, როგორც არასდროს, რათა აღდგეს ფედერალური მთავრობის კომპეტენტურობა და ეფექტიანობა. ჩემი ადმინისტრაცია შექმნის მთავრობის ეფექტიანობის ახალ დეპარტამენტს.

 

წლების განმავლობაში გამოხატვის თავისუფლების უკანონო და არაკონსტიტუციური შეზღუდვების შემდეგ, მე ხელს მოვაწერ აღმასრულებელ ბრძანებას სამთავრობო ცენზურის დაუყოვნებლივ შესაჩერებლად და ამერიკაში სიტყვის თავისუფლების დასაბრუნებლად. აღარასდროს იქნება სახელმწიფოს უზარმაზარი ძალაუფლება გამოყენებული პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის, რაც მე კარგად ვიცი. ჩვენ არ დავუშვებთ ამის განმეორებას. ჩემი ხელმძღვანელობით, ჩვენ აღვადგენთ სამართლიან, თანასწორ და მიუკერძოებელ მართლმსაჯულებას კონსტიტუციური კანონის ფარგლებში. ჩვენ დავაბრუნებთ კანონსა და წესრიგს ჩვენს ქალაქებში. ამ კვირას მე ასევე დავასრულებ მთავრობის პოლიტიკას, რომელიც ცდილობს რასისა და გენდერის სოციალურ ინჟინერიას საზოგადოებრივი და პირადი ცხოვრების ყველა ასპექტში. ჩვენ შევქმნით საზოგადოებას, რომელიც ფერებს არ განასხვავებს და დამსახურებაზე დაფუძნებული იქნება. დღეიდან აშშ-ს მთავრობის ოფიციალური პოლიტიკა იქნება, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი – მამრობითი და მდედრობითი.

მე აღვადგენ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც უსამართლოდ გაათავისუფლეს ჩვენი სამხედრო ძალებიდან "კოვიდის" ვაქცინის მანდატზე უარის თქმის გამო, ისინი მიიღებენ კომპენსაციას. მე ხელს მოვაწერ ბრძანებას, რომ შევაჩერო ჩვენი მეომრების დაქვემდებარება რადიკალურ პოლიტიკურ თეორიებსა და სოციალურ ექსპერიმენტებზე სამსახურის დროს. ეს დაუყოვნებლივ დასრულდება. ჩვენი შეიარაღებული ძალები გათავისუფლდებიან, რომ ფოკუსირდნენ მათ მთავარ მისიაზე – ამერიკის მტრების დამარცხებაზე. 2017 წლის მსგავსად, ჩვენ კვლავ შევქმნით ყველაზე ძლიერ სამხედრო ძალებს, რაც კი მსოფლიოს უნახავს.

ჩვენ შევაფასებთ ჩვენს წარმატებას არა მხოლოდ ბრძოლებით, რომლებსაც მოვიგებთ, არამედ იმ ომებითაც, რომლებსაც დავამთავრებთ და, რაც მთავარია, ომებით, რომლებშიც არასდროს შევალთ. ჩემი ყველაზე საამაყო მემკვიდრეობა იქნება მშვიდობისმყოფელი და გამაერთიანებელი, ეს არის ის, რაც მე მინდა ვიყო, მშვიდობისმყოფელი და გამაერთიანებელი. მოხარული ვარ განვაცხადო, რომ გუშინდელი მდგომარეობით, თანამდებობის დაკავებამდე ერთი დღით ადრე, ახლო აღმოსავლეთში მძევლები ბრუნდებიან სახლში ოჯახებთან. გმადლობთ. ამერიკა დაიბრუნებს თავის კანონიერ ადგილს, როგორც უდიდესი, ყველაზე ძლიერი, ყველაზე პატივსაცემი ერი დედამიწაზე, რომელიც შთააგონებს ყველას და მთელ მსოფლის აღაფრთოვანებს.

ამერიკა დაიბრუნებს თავის კუთვნილ ადგილს, როგორც უდიდესი, უძლიერესი და ყველაზე პატივსაცემი ერი დედამიწაზე, რომელიც შთააგონებს მთელ მსოფლიოს, მოკლე დროში ჩვენ შევცვლით მექსიკის ყურის სახელს ამერიკის ყურედ.

მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ გუშინ, ჩემი თანამდებობის დაკავებამდე ერთი დღით ადრე, მძევლები ახლო აღმოსავლეთიდან ბრუნდებიან სახლში, თავიანთ ოჯახებთან. ამერიკა დაიბრუნებს თავის კუთვნილ ადგილს, როგორც უდიდესი, უძლიერესი და ყველაზე პატივსაცემი ერი დედამიწაზე, რომელიც შთააგონებს მთელ მსოფლიოს. მოკლე დროში ჩვენ შევცვლით მექსიკის ყურის სახელს ამერიკის ყურედ. ჩვენ დავაბრუნებთ დიდი პრეზიდენტის უილიამ მაკკინლის სახელს მაუნტ მაკკინლიზე, სადაც ის უნდა იყოს. პრეზიდენტმა მაკკინლიმ ჩვენი ქვეყანა გაამდიდრა ტარიფებითა და ნიჭით. ის იყო ბუნებრივი ბიზნესმენი და მისცა თედი რუზველტს ფული მრავალი დიდი საქმისთვის, მათ შორის პანამის არხისთვის, რომელიც უგუნურად გადაეცა პანამას მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა დახარჯა უფრო მეტი ფული, ვიდრე ოდესმე დახარჯულა რომელიმე პროექტზე და დაკარგა 38,000 სიცოცხლე პანამის არხის მშენებლობისას.

ჩვენ ძალიან ცუდად მოგვექცნენ ამ უგუნური საჩუქრის გამო, რომელიც არასდროს უნდა გაკეთებულიყო. პანამის დაპირება ჩვენ მიმართ დაირღვა. ჩვენი შეთანხმების მიზანი და ხელშეკრულების სული სრულიად დარღვეულია. ამერიკულ გემებს ზედმეტად ბევრს ახდევინებენ და არ ექცევიან სამართლიანად არანაირი ფორმით, მათ შორის აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტსაც. რაც მთავარია, ჩინეთი მართავს პანამის არხს, და ჩვენ ის ჩინეთისთვის არ მიგვიცია. ჩვენ ის პანამას მივეცით. ჩვენ მას უკან ვიბრუნებთ.

უპირველეს ყოვლისა, ჩემი გზავნილი ამერიკელებისადმი დღეს არის ის, რომ დროა, კვლავ ვიმოქმედოთ სიმამაცით, ენერგიითა და ისტორიის უდიდესი ცივილიზაციის სიცოცხლისუნარიანობით. როდესაც ჩვენ გავათავისუფლებთ ჩვენს ერს, ჩვენ მივიყვანთ მას ახალ სიმაღლეებამდე, გამარჯვებასა და წარმატებამდე. ჩვენ არ შევჩერდებით. ერთად დავასრულებთ ქრონიკულ დაავადებათა ეპიდემიას და დავიცავთ ჩვენს შვილებს უსაფრთხოდ, ჯანმრთელად და დაავადებების გარეშე. შეერთებული შტატები კვლავ ჩათვლის თავს მზარდ ერად, რომელიც ზრდის ჩვენს სიმდიდრეს, აფართოებს ჩვენს ტერიტორიას, აშენებს ჩვენს ქალაქებს, ზრდის ჩვენს მოლოდინებს და ატარებს ჩვენს დროშას ახალ და მშვენიერ ჰორიზონტებზე. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს აშკარა ბედისწერას ვარსკვლავებისკენ, გავგზავნით ამერიკელ ასტრონავტებს ვარსკვლავებიანი დროშის აღსამართად პლანეტა მარსზე.

არ არსებობს ჩვენი ერის მსგავსი ერი, ამერიკელები არიან მკვლევრები, მშენებლები, ინოვატორები, მეწარმეები, სასაზღვრო სული ჩაწერილია ჩვენს გულებში, ჩვენმა ამერიკელმა წინაპრებმა უზარმაზარი კონტინენტის კიდეზე მდებარე პატარა კოლონიების ჯგუფი გადააქციეს დედამიწის ყველაზე განსაკუთრებული მოქალაქეების ძლიერ რესპუბლიკად, ვერავინ მოვა ახლოს.

ამერიკელებმა ათასობით მილი გაიარეს უხეში, დაუმორჩილებელი ველური ბუნების მიწაზე. მათ გადაკვეთეს უდაბნოები, დალაშქრეს მთები, გაუძლეს საფრთხეებს, დაასრულეს ველური დასავლეთი და მონობა, მილიონები იხსნეს ტირანიისგან, მილიარდები – სიღარიბისგან, დაიმორჩილეს ელექტროობა, გახლიჩეს ატომი, კაცობრიობა კოსმოსში გაუშვეს და ადამიანური ცოდნის სამყარო ადამიანის ხელისგულში მოაქციეს. თუ ერთად ვიმუშავებთ, არაფერია ისეთი, რისი გაკეთებაც არ შეგვიძლია და არ არსებობს ოცნება, რომლის მიღწევაც არ შეგვიძლია. ბევრს ეგონა, რომ ჩემთვის შეუძლებელი იყო ასეთი ისტორიული პოლიტიკური დაბრუნება, მაგრამ როგორც დღეს ხედავთ, აქ ვარ. ამერიკელმა ხალხმა თქვა თავისი სიტყვა. ახლა თქვენ წინაშე ვდგავარ, როგორც მტკიცებულება იმისა, არასდროს უნდა დაიჯეროთ, რომ რაღაცის გაკეთება შეუძლებელია. ამერიკაში შეუძლებელი არის ის, რასაც ჩვენ საუკეთესოდ ვაკეთებთ. ნიუ-იორკიდან ლოს-ანჯელესამდე, ფილადელფიიდან ფინიქსამდე, ჩიკაგოდან მაიამიმდე, ჰიუსტონიდან აქ, ვაშინგტონამდე, ჩვენი ქვეყანა შეიქმნა და აშენდა პატრიოტთა თაობების მიერ, რომლებმაც ყველაფერი გაიღეს ჩვენი უფლებებისა და თავისუფლებისთვის. ისინი იყვნენ ფერმერები და ჯარისკაცები, კოვბოები და ქარხნის მუშები, მეფოლადეები და მეშახტეები, პოლიციელები და პიონერები, რომლებიც წინ მიიწევდნენ, წინ მიაბიჯებდნენ და არც ერთ დაბრკოლებას არ აძლევდნენ მათი სულისა და სიამაყის დამარცხების უფლებას. ერთად დააგეს რკინიგზები, ააშენეს ცათამბჯენები, გაიყვანეს დიდი გზატკეცილები, მოიგეს ორი მსოფლიო ომი, დაამარცხეს ფაშიზმი და კომუნიზმი, გაუმკლავდნენ ყველა გამოწვევას, რომელსაც შეხვდნენ.

ყველაფრის შემდეგ, რაც ერთად გადავიტანეთ, ჩვენ ვდგავართ ამერიკის ისტორიის ოთხი საუკეთესო წლის მიჯნაზე. თქვენი დახმარებით, ჩვენ აღვადგენთ ამერიკის დაპირებას და ხელახლა ავაშენებთ ერს, რომელიც ჩვენ ასე ძალიან გვიყვარს. ჩვენ ვართ ერთი ხალხი, ერთი ოჯახი და ერთი დიდებული ერი ღმერთის ქვეშ. ასე რომ, ყველა მშობელს, ვინც თავისი შვილისთვის ოცნებობს და ყველა ბავშვს, ვინც თავისი მომავლისთვის ოცნებობს – მე თქვენთან ვარ. მე ვიბრძოლებ თქვენთვის და გავიმარჯვებ თქვენთვის. ჩვენ გავიმარჯვებთ ისე, როგორც არასდროს. ბოლო წლებში ჩვენმა ერმა ბევრი იტანჯა, მაგრამ ჩვენ დავაბრუნებთ მას და კვლავ დიდს გავხდით, უფრო დიდს, ვიდრე ოდესმე. ჩვენ ვიქნებით ერი, რომლის მსგავსიც არ არსებობს, სავსე თანაგრძნობით, სიმამაცითა და განსაკუთრებულობით. ჩვენი ძალა შეაჩერებს ყველა ომს და მოიტანს ერთიანობის ახალ სულს მსოფლიოში, რომელიც გაბრაზებული, ძალადობრივი და სრულიად არაპროგნოზირებადი იყო. ამერიკას კვლავ პატივს სცემენ და აღფრთოვანდებიან, მათ შორის რელიგიის, რწმენისა და კეთილი ნების ხალხი. ჩვენ ვიქნებით წარმატებულები. ჩვენ ვიქნებით ამაყები. ჩვენ ვიქნებით ძლიერები და გავიმარჯვებთ ისე, როგორც არასდროს. ჩვენ არ დავმარცხდებით. ჩვენ არ შევშინდებით. ჩვენ არ გავტყდებით და ჩვენ არ ჩავფლავდებით. ამ დღიდან ამერიკის შეერთებული შტატები იქნება თავისუფალი, სუვერენული და დამოუკიდებელი ერი. ჩვენ მამაცურად ვიდგებით. ჩვენ ამაყად ვიცხოვრებთ. ჩვენ გაბედულად ვიოცნებებთ. არაფერი დადგება ჩვენს გზაზე, რადგან ჩვენ ვართ ამერიკელები. მომავალი ჩვენია და ჩვენი ოქროს ხანა მხოლოდ ახლა იწყება. გმადლობთ. ღმერთმა დალოცოს ამერიკა", - განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპმა, რომელმაც ნოემბერში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, საპრეზიდენტო ფიცი დადო და ოფიციალურად აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი