"არ შეგვიძლია ეს არჩევნები ლეგიტიმურად მივიჩნიოთ, მოვუწოდებთ მმართველ რეჟიმს, დააწესოს გარდამავალი პერიოდი, მოვუწოდებთ ახალი არჩევნების ჩატარებისკენ" | კოლსი

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტარი რიჰარდს ჰოლსი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში მოუწოდებს [საქართელოს] მმართველ რეჟიმს, რომ დააწესოს გარდამავალი პერიოდი, ასევე მოუწოდებს ახალი არჩევნების ჩატარებისკენ, რომლის დროსაც ყველა პრინციპი დაცული იქნება.

კოლსი ეუთო/ოდირის მიერ არჩევნებთან დაკავშირებით მომზადებულ ანგარიშსაც აფასებს და ამბობს, რომ [ეს ანგარიში] ერთ-ერთი ყველაზე მწვავე იყო და ის კონკრეტულად უსვამდა ხაზს იმას, რომ არჩევნები მანიპულირებული იყო.

"ქართველი ხალხი, რომელიც 40 დღეზე მეტია მშვიდობიან პროტესტს გამოხატავს, არაა მარტო. [ვხედავთ] მათ ბრძოლას და იმ შევიწროებას, რაც მმართველი პარტიისგან კვლავ გრძელდება. მმართველი პარტია ახლა უკვე ამერიკელი კანონმდებლების მიერაც შეფასებულია, როგორც "ქართული კოშმარი". ჩვენ მხარს ვუჭერთ დემოკრატიულ პროცესს, რომელიც გამჭვირვალეა, სამართლიანია და არ დავთმობთ ამ პრინციპებს...

ეს ჩვენი მორალური ვალდებულებაა - არ შეგვიძლია ეს არჩევნები ლეგიტიმურად მივიჩნიოთ. მე, როგორც ევროპარლამენტის წარმომადგენელს, შემიძლია ვთქვა, რომ გასული წლის ბოლოს რეზოლუცია მივიღეთ, სადაც ეუთო/ოდირის დამოუკიდებელი დამკვირვებლების დასკვნებზე დაყრდნობით, ვთქვით, რომ არ შეგვიძლია ამ არჩევნების ლეგიტიმურად მიჩნევა. [ამის] შედეგად, პარლამენტიც არალეგიტიმურია. ჩვენ მოვუწოდეთ საარჩევნო პროცედურების დაუყოვნებლივი გაუმჯობესებებისკენ და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი არჩევნებისკენ. საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებები აქვს, ის არაერთი სავალდებულო შეთანხმების მხარეა, ხელმომწერია, არსებობს კონკრეტული პროცედურები იმისა, როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები იმ ქვეყანაში, რომელიც ეუთოს წევრია, სხვა საერთაშორისო სტანდარტებიცაა, რომელთა შემადგენელი ნაწილებიც არ შეიძლება რამეზე გაიყიდოს, ან მასზე თვალი დავხუჭოთ.

არჩევნები უნდა იყოს სამართლიანი, გამჭვირვალე, დემოკრატიული, ყველა მონაწილისთვის თანაბარი შესაძლებლობებით. ეუთო/ოდირის ანგარიში ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე მწვავე ანგარიში იყო ამ პრინციპების უხეში დარღვევების თაობაზე. ის კონკრეტულად უსვამდა ხაზს იმას, რომ არჩევნები მანიპულირებული იყო.

ჩვენ არ შეგვიძლია - და ეს ჩვენი მორალური ვალდებულებაა - არ შეგვიძლია ეს არჩევნები ლეგიტიმურად მივიჩნიოთ. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი, ახლანდელი მთავრობა და ამ პარლამენტის მიერ დამტკიცებული პრეზიდენტი ჩვენს თვალში, არალეგიტიმურია. ჩვენ მოვუწოდებთ მმართველ რეჟიმს, რომ დააწესოს გარდამავალი პერიოდი, მოვუწოდებთ ახალი არჩევნების ჩატარებისკენ, რომლის დროსაც ყველა ეს პრინციპი დაცული იქნება", - თქვა კოლსმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი