"მთავარი არხის" ინფორმაციით, ბათუმში პოლიციის სამი თანამშრომელი დაჭრეს | შემთხვევა ორი დღის წინ, ჭაობის დასახლებაში მოხდა

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ბათუმში პოლიციის სამი თანამშრომელი დაჭრეს. შემთხვევა ორი დღის წინ, ჭაობის დასახლებაში მოხდა.

ჩვენივე ინფორმაციით, შემთხვევის დროს ისინი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ.

საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა, გიორგი ხურციამ "მთავარი არხის" ინფორმაცია დაადასტურა. მისი თქმით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები კლინიკაში არიან გადაყვანილი.

განახლება: მასალის გამოქვეყნების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა და ინფორმაცია დაადასტურა.

"მიმდინარე წლის 20 იანვარს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა შეტყობინება ბათუმში, კომახიძის ქუჩაზე მყოფ ფსიქიკური აშლილობის მქონე მოქალაქესთან დაკავშირებით.

შეტყობინების საფუძველზე ადგილზე გამოცხადდნენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლები, რა დროსაც ფსიქიკურად დაავადებული პირი - 1998 წელს დაბადებული გ.ნ. თანნაქონი დანით მათ მოულოდნელად თავს დაესხა. გ.ნ.-მ მის განიარაღებისა და დაკავების პროცესში სამ პატრულ-ინსპექტორს სხეულის სხვადასხვა არეში დანის გამოყენებით ჭრილობები მიაყენა.

სამართალდამცველებმა გ.ნ. ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს. დაშავებული პატრულ-ინსპექტორები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ. სამივე მათგანი ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

პოლიციაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს", - წერია განცხადებაში.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი