პარტიის "საქართველოსთვის" განცხადებით, სასტუმრო "შერატონიდან" გიორგი გახარიაზე თავდასხმის ჩანაწერები პროკურატურამ სრულად წაიღო.
მათი თქმით, სასტუმროში უთხრეს, რომ ჩანაწერების ასლი აღარ აქვთ.
პარტია აცხადებს, რომ ეს ყველაფერი მიუთითებს გამოძიების და “შერატონის”კოორდინირებულ ქმედებებზე, რომლის მიზანია მტკიცებულებების განადგურება.
"გიორგი გახარიაზე ორგანიზებული თავდასხმიდან ამ დრომდე “შერატონი ბათუმი” უარს აცხადებს ვიდეოკადრების გადმოცემაზე, რისი მიღების უფლებაც ჩვენ გვაქვს. “შერატონის” ხელმძღვანელობა გვარწმუნებდა, რომ ჩანაწერები არსებობს და ასლი აუცილებლად შეინახება მათთან მაშინაც კი, როცა გამოძიება განჩინებით ამოიღებს ჩანაწერებს. პარალელურად “შერატონ ბათუმის” მენეჯერი ოფიციალურ პასუხს არ გვიბრუნებს და ჩვენს წარმომადგენელს იურისტებთან კონსულტაციის „მიზეზით“ ისტუმრებს.
გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს შევთავაზეთ გიორგი გახარიას გამოკითხვა. პასუხის დაბრუნებას ზუსტად 3 საათი დასჭირდა. 3 საათის თავზე გავიგეთ, რომ საქმე გამოსაძიებლად პროკურატურას გადაეცა. გუშინვე შედგა პროკურორთან კომუნიკაცია, რომელთანაც დაფიქსირდა დღეს გამოკითხვის მზაობა. ამის შემდგომ პროკურატურა მიუწვდომელი გახდა კომუნიკაციაში.
რამდენიმე წუთის წინ “შერატონისგან” ვიგებთ, რომ ჩანაწერები განჩინებით სრულად სერვერებიანად წაიღო პროკურატურამ. წაღებულია ვინჩესტერებიც და მათ ჩანაწერის ასლი აღარ აქვთ.
ეს ყველაფერი მიუთითებს გამოძიების და “შერატონის”კოორდინირებულ ქმედებებზე, რომლის მიზანია მტკიცებულებების განადგურება. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, “შერატონი” აქტიურად იყო დანაშაულის თანამონაწილე. გარდა ამისა, ამით უდიდესი საფრთხის ქვეშ დგას სერვერებზე არსებული მომხმარებელთა პერსონალური ინფორმაცია", - ნათქვამია განცხადებაში.