თურქეთში, სათხილამურო კურორტზე სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 76-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი, ალი იერლიკაია ავრცელებს.
თურქეთის ხელისუფლების ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიებამ ოთხი ადამიანი დააკავა, მათ შორის სასტუმროს მფლობელი.
ჯანდაცვის მინისტრის ცნობით, დაშავებული 51 ადამიანიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო 17 საავადმყოფოდან გაწერეს. ადგილზე 30 სახანძრო მანქანა და 28 სასწრაფო დახმარების ჯგუფია გაგზავნილი.
სასტუმროს ერთ-ერთი დამსვენებლის ინფორმაციით, მეხანძრე მაშველების ადგილზე მისვლას დაახლოებით ერთი საათი დასჭირდა.
შეგახსენებთ, რომ ხანძარი თურქეთის ბოლუს პროვინციაში, სამთო-სათხილამურო კურორტ კარტალკაიაში მდებარე სასტუმროში, გუშინ, ადგილობრივი დროით, 03:27 საათზე გაჩნდა. შემთხვევის დროს სასტუმროში 234 ადამიანი იმყოფებოდა და წინასწარი ინფორმაციის თანახმად, ხანძარი სასტუმროს მეოთხე სართულზე მდებარე რესტორანში გაჩნდა.
მომხდარზე გამოძიება გრძელდება.