რუსეთმა 2022 წელს ზელენსკის მედვედჩუკით შეცვლა მოითხოვა | უკრაინის პრეზიდენტი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, თქმით, რუსეთის ხელისუფლებამ სრულმასშტაბიანი ომის პირველ დღეებში ულტიმატუმი წაუყენა, რომლის მიხედვითაც მას უნდა დაეტოვებინა თანამდებობა, ხოლო უკრაინის პრეზიდენტად პრორუსი ოლიგარქი ვიქტორ მედვედჩუკი დანიშნულიყო. ამის შესახებ ზელენსკიმ 22 იანვარს დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე საუბრისას განაცხადა.

"ომის პირველ დღეებში ჩემთან უკრაინიდან მოვიდნენ ზოგიერთი ადამიანები და გადმომცეს პუტინის ულტიმატუმი. მითხრეს, რომ მე უნდა წავსულიყავი, ხოლო ჩემს ადგილს მედვედჩუკი დაიკავებდა," - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, ულტიმატუმში ასევე მოითხოვეს, რომ უკრაინას ეღიარებინა რუსული საოკუპაციო ძალების კონტროლი დონბასში, შეეცვალა კონსტიტუცია "ნეიტრალიტეტის" დასამკვიდრებლად, შეემცირებინა არმია 50 000 ჯარისკაცამდე, განეიარაღებინა ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილი და რუსული ენა უკრაინის ოფიციალურ ენად გამოეცხადებინა.

"ეს მოლაპარაკება არ იყო, ეს იყო ულტიმატუმი," – განაცხადა ზელენსკიმ და დაამატა, რომ მოთხოვნები ძალიან ჰგავდა 2022 წელს, თურქეთში წარუმატებელი სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს წაყენებულ პირობებს.

ვიქტორ მედვედჩუკი, ყოფილი დეპუტატი და ბიზნესმენი, უკრაინაში პრორუსული ძალების ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო. მას ახლო პირადი ურთიერთობები ჰქონდა პუტინთან, რომელიც მისი ქალიშვილის ნათლიაა. 2022 წელს მედვედჩუკი უკრაინულმა ძალებმა დააკავეს და მოგვიანებით რუსეთთან ტყვეთა გაცვლის ფარგლებში გაათავისუფლეს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი