"შეიზღუდოს კომუნიკაცია არალეგიტიმურ მთავრობასთან... მოვუწოდებთ EU-ს, დააწესონ სანქციები" | ესტონეთის პარლამენტმა ქართველი ხალხის მხარდასაჭერი განცხადება მიიღო

გამოქვეყნდა:

ესტონეთის პარლამენტმა [რიგიკოგუ] მიიღო განცხადება, რომელიც გლობალურ საზოგადოებას მოუწოდებს, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტის [სალომე ზურაბიშვილის], სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის მხარდამჭერი აქციების მონაწილეთა დაცვისა და მხარდაჭერისთვის.

განცხადებას, რომლის მიღებაც რიგიკოგუს 49 წევრმა მოითხოვა, მხარი დაუჭირა 59-მა დეპუტატმა, ხოლო 9 წინააღმდეგი იყო.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ესტონეთი პატივს სცემს თითოეული ქვეყნის უფლებას, დემოკრატიულად აირჩიოს საკუთარი გზა საზოგადოებრივი მოწყობისა და საერთაშორისო პარტნიორობის საკითხებში. შესაბამისად, ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს განვითარებას მჭიდრო თანამშრომლობით და გმობს რუსეთის ფედერაციის ქმედებებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

"ბოლო ათწლეულის განმავლობაში ესტონეთი მზარდი შეშფოთებით ადევნებს თვალს რუსეთის ფედერაციის მცდელობებს, მოახდინოს გავლენა საქართველოს საზოგადოების პოლარიზაციასა და ქვეყნის დემოკრატიულ არჩევნებში ჩარევით. გასული წლის ოქტომბერში გამართული საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ძალადობისა და დაშინების ფონზე ჩატარდა, ვერ გამოხატავს ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას.
[...]

მმართველი პარტია, "ქართული ოცნება," რომელიც რუსეთის ფედერაციის მხარდაჭერით სარგებლობს, ცდილობს არჩევნების გაყალბებული შედეგებით სრული კონტროლი მოიპოვოს სახელმწიფო ინსტიტუტებზე და რეპრესიები განახორციელოს ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ," - ნათქვამია განცხადებაში. 

რიგიკოგუ უარყოფს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ფორმირებული საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის ლეგიტიმურობას, რადგან ისინი მოქალაქეების დაშინებისა და გაყალბების ატმოსფეროში შეიქმნა. ამასთან, განცხადება სალომე ზურაბიშვილს აღიარებს საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად და უჭერს მხარს მის ძალისხმევას ქვეყანაში კონსტიტუციური კრიზისის დასრულებისთვის.

რიგიკოგუ დემოკრატიული ძალების გვერდით დგას, რომლებიც საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ, რაც კრიზისის მოგვარებისა და დემოკრატიის აღდგენისთვის აუცილებელია. იგი ასევე გმობს მშვიდობიანი დემონსტრაციების ძალადობრივ დაშლას, რუსეთის იმპერიალისტური მიზნების მხარდაჭერით, და მოუწოდებს შეწყდეს ნებისმიერი სახის ძალადობა, დევნა და გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი.

რიგიკოგუ მოუწოდებს ევროპულ კომისიასა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ სანქციები იმ ქართველ პოლიტიკოსებსა და ოფიციალურ პირებზე, რომლებიც მონაწილეობენ მშვიდობიანი პროტესტების ძალადობრივ დაშლაში და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დევნაში. იგი ასევე ითხოვს, მკაცრად შეიზღუდოს ურთიერთობა საქართველოს არალეგიტიმურ მთავრობასთან მანამ, სანამ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდება, და მხარდაჭერა გამოუცხადოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და თავისუფალ მედიას, რომლებიც, დაშინებისა და დევნის მიუხედავად, თავისუფალი საზოგადოების სახელით მუშაობას აგრძელებენ.

"რიგიკოგუ სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს, რომლებიც საკუთარი უფლებების, კონსტიტუციის, დემოკრატიის და საქართველოს ევროპულ მომავალს იცავს," - ნათქვამია განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი