ცესკოში ის დეპარტამენტი გააუქმეს, რომელშიც დავით კირთაძის მეუღლე მუშაობდა. კირთაძემ 2024 წლის 16 ნოემბერს, გაყალბებული არჩევნების შედეგების დამტკიცებისას, გიორგი კალანდარიშვილს სახეში შავი საღებავი შეასხა. ამ ინციდენტის შემდეგ, მისმა მეუღლემ, სოფიო სიჭინავამ, რომელიც სტრატეგიული დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო, თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. რეორგანიზაციის შედეგად კი ეს დეპარტამენტი საერთოდ გააუქმეს:
"როგორც მედიაში გავრცელდა, ცესკოს წევრმა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობიდან“, დავით კირთაძემ, ცესკოს თავმჯდომარეს სახეზე შავი საღებავი შეასხა. აღსანიშნავია, რომ დავით კირთაძის მეუღლე, სოფიო სიჭინავა, ცესკოში ერთ-ერთი დეპარტამენტის, სტრატეგიული დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო. სიჭინავამ მომხდარის შემდეგ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. რეორგანიზაციის შედეგად სწორედ ეს დეპარტამენტი გაუქმდა და გათავისუფლდა დეპარტამენტში დასაქმებული ყველა პირი. სტრატეგიული დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის ძირითადი ფუნქცია იყო საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის დაგეგმვისა და ანგარიშგების პროცესის წარმართვა, ასევე ინკლუზიური საარჩევნო გარემოს განვითარება. დეპარტამენტი ამზადებდა ჩატარებული არჩევნებისა და ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ სხვადასხვა უწყებისთვის, მათ შორის საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენ ანგარიშებს. რეორგანიზაციის შედეგად საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სტრატეგიული დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის დებულება 2025 წლის 20 იანვრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდა. რეორგანიზაციის შედეგად ასევე გათავისუფლდნენ ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის სწავლების მონიტორინგის ჯგუფის ოთხი და შრომის უსაფრთხოების ჯგუფის ერთი წევრი, ასევე თავმჯდომარის ორი მრჩეველი." ნათქვამია ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" განცხადებაში.
გათავისუფლებული თანამშრომლები აცხადებენ, რომ მათთვის არავის განუმარტავს, რატომ გაუქმდა მათი საშტატო ერთეული და რა საჭიროებამ განაპირობა ეს გადაწყვეტილება.
„სამართლიანი არჩევნები“ ცესკოდან რეორგანიზაციის საფუძველზე გათავისუფლებული 6 პირის შრომითი უფლებების დაცვის მიზნით სასამართლოში სარჩელს წარადგენს.