"გაფიცვა გადავიდეს შემდეგ ეტაპზე - მეორე მოქმედებაზე. ქუჩაში გამოვიდეთ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ თან წამოვიღოთ თეატრი" | "გილდია"

გამოქვეყნდა:

"წინააღმდეგობის 2 თვის თავზე გადავწყვიტეთ გაფიცვა გადავიდეს შემდეგ ეტაპზე - მეორე მოქმედებაზე. ქუჩაში გამოვიდეთ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ თან წამოვიღოთ თეატრი, რადგან მტკიცედ გვჯერა და გვწამს, რომ დღეს არ არსებობს წინააღმდეგობებით სავსე ქუჩებზე დიდი სცენა", -ამის შესახებ განცხადებას დამოუკიდებელი პროფკავშირები კულტურისა და მედიის სფეროში -  "გილდია" აქვეყნებს.

"გაფიცვა: შემდეგი მოქმედება!

მალე ორი თვე გავა მას შემდეგ, რაც იძულებული გავხდით საკუთარ საქმიანობაზე უარი გვეთქვა. ჩვენ გავიფიცეთ და ქუჩაში შევუერთდით ჩვენ მაყურებელს, ჩვენს ხალხს, ქართულ საზოგადოებას დემოკრატიული საქართველოსთვის ბრძოლაში.

მალე 2 თვე გავა მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრის ცინიკურ განცხადებას ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების შეწყვეტის შესახებ ფონად მოჰყვა არანაკლებ ცინიკური და სასტიკი ზონდერ ჯგუფებისა და პოლიციური ტერორის აქამდე არნახული მასშტაბებით და დროის ხანგრძლივობით გამოყენება.

მალე 2 თვე გავა მას შემდეგ, რაც ჩვენი - ქართული საზოგადოების ყოველდღიურობა ერთმანეთთან ქუჩაში შეხვედრა და საერთო წინააღმდეგობაში ჩადგომაა. წინააღმდეგობაში, რომელიც გვავალდებულებს ერთმანეთის დაცვას, ერთმანეთზე ზრუნვას და საერთო ძალებით ბრძოლის სხვადასხვაგვარი ფორმების ძიებას მჩაგვრელი, არადემოკრატიული, არასახალხო და არაქართული რეჟიმის მიმართ.

რა მოგვცა გაფიცვამ ორთვიანი უწყვეტი წინააღმდეგობის პროცესში? გაფიცვამ თავის პირველად მიზანს მიაღწია. შეიქმნა სოლიდარობის გაფიცვის მაგალითი, პროტესტში ჩართულ ადამიანებს დაანახა გაფიცვის, როგორც რეჟიმთან ბრძოლის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, ურყევი და მტკიცე ტაქტიკის მნიშვნელობა. აგრეთვე, გაფიცვამ არ წაართვა ხალხი პროტესტს. ჩვენ და ჩვენი მაყურებელი ერთმანეთს დარბაზების მაგივრად, გაზით გაჟღენთილ ქუჩებში ვხვდებოდით.

მოვლენები როგორც გვიჩვენებს, დროის გასვლასთან ერთად, რეჟიმი არა თუ უკან დახევას, არამედ კიდევ უფრო მეტი სიმკაცრისა და სისასტიკის დემონსტრირებას აპირებს. სისტემა ტყვეობაში იტოვებს ჩვენ კოლეგებს, მეგობრებსა და თანამებრძოლებს, რომ მომავალში, როცა დასჭირდება, თავის გადასარჩენი პირობები გამოივაჭროს მათი თავისუფლებით. სანამ ერთი მსახიობი, ერთი სტუდენტი, ერთი ახალგაზრდა ან წინააღმდეგობაში მყოფი ერთი ადამიანიც კი ტყვეობაში რჩება, იქამდე შეუძლებელია იმაზე ფიქრიც კი, რომ როგორმე ჩვენი ცხოვრების ჩვეულებრივ, მანამდე არსებულ რუტინას დავუბრუნდეთ.

სისტემას ურყევად სჯერა - თუკი დიდი ხნით გაძლებს ისე, რომ უკან არ დაიხიოს, წინააღმდეგობა გამოიფიტება, მუხტი გაქრება და ქუჩები გაბრაზებული ქართველი ხალხისგან დაიცლება. მათი რწმენა დამყარებულია აქამდე არსებული, ძველი პროტესტების ანალიზზე, თუმცა ისინი ვერ იაზრებენ, რომ პოლიტიკური და სოციალური კრიზისი, რომელიც საკუთარი ქვეყნის მოღალატე, მათი კერძო კაპიტალისთვის ეროვნული ინტერესებით მოვაჭრე მთავრობამ თავადვე გამოიწვია, სრულიად ახალი ტიპის წინააღმდეგობის კატალიზატორი გახდა.

პროტესტმა უკვე აჩვენა თვითორგანიზების ერთდროულად ლამაზი, და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მაგალითები და გვასწავლა, რომ ძველი წესრიგი მხოლოდ და მხოლოდ წინააღმდეგობების კომპლექსური, განსხვავებული გზებით, ახალი ფორმებითა და შინაარსებით შეიძლება მოკვდეს.

სწორედ ამიტომ, ჩვენ, თეატრის სფეროში დასაქმებულმა ადამიანებმა, ვინც ყოველთვის ჩვენი მაყურებლების აპლოდისმენტებითა და სიყვარულით ვიკვებებოდით, წინააღმდეგობის 2 თვის თავზე გადავწყვიტეთ გაფიცვა გადავიდეს შემდეგ ეტაპზე - მეორე მოქმედებაზე.

ქუჩაში გამოვიდეთ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ თან წამოვიღოთ თეატრი, რადგან მტკიცედ გვჯერა და გვწამს, რომ დღეს არ არსებობს წინააღმდეგობებით სავსე ქუჩებზე დიდი სცენა და არ არსებობს გარეთ გამოსულ ადამიანებზე უფრო მნიშვნელოვანი მაყურებელი!

ვინაიდან ვიაზრებთ ამ წინააღმდეგობაში ჩვენ პასუხისმგებლობას, ცხადია ჩვენი მოთხოვნები ვეღარ შემოიფარგლება მხოლოდ და მხოლოდ ვიწრო პროცედურული საკითხებით ან თუნდაც მხოლოდ ტყვეების განთავისუფლებით.

ჩვენ მოვითხოვთ ყველაფერს, რაც საჭიროა ჭეშმარიტად დემოკრატიული ქვეყნის ასაშენებლად.

საგაფიცვო მოთხოვნები ჩამოყალიბდა საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის ინტერესებზე. ჩვენ მოვითხოვთ უკეთეს სოციალურ სისტემას, ხელმისაწვდომ განათლებას, საერთო საცხოვრებლებს სტუდენტებისთვის, გამოსახლების აკრძალვას, საბანკო საპროცენტო განაკვეთების შემცირებას, უკეთეს ანაზღაურებას არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ყველა მშრომელისთვის და რაც მთავარია, ღირსეულად სწავლის, მუშაობის და ცხოვრების უფლების გარანტიას მთელი საზოგადოებისთვის.

გპირდებით, ამ მოთხოვნებით თეატრი მოედება ქუჩებს და გამზირებს, სხვადასხვა ქალაქებს, საქართველოს კუთხეებსადა რეგიონებს და არ დავიხევთ უკან, სანამ არ მივაღწევთ სასურველს.

ვითხოვთ ახალ არჩევნებსა და რეჟიმის პატიმრების თავისუფლებას, რადგან ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რომელსაც შეუძლია დაასრულოს პოლარიზაცია და ქვეყანა დააბრუნოს მშვიდობიან დემოკრატიული სვლის რელსებზე.

სოლიდარობა და თავისუფლება ანდროს და სისტემის ყველა უკანონო ტყვეს!
შევხვდებით ქუჩაში!" - წერია გავრცელებულ განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი