
"სელფი მობაილი" Vodafone Group-ის პარტნიორი გახდა - არაბრენდირებული თანამშრომლობა მოიცავს წამყვან ბრიტანულ კომპანიასთან ტექნოლოგიურ ინოვაციების გაცვლას, ასევე ციფრული პროდუქტების ერთობლივად განვითარებას საქართველოში. მათ შორის, თანამშრომლობის პირველი სფერო Vodafone-ის ლოიალობის პროგრამის საქართველოში დანერგვა იქნება, რისი გამოყენებაც "სელფი მობაილის" მობილური აპლიკაციით იქნება შესაძლებელი.
Vodafone-ისა და "სელფიო მობაილს" შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს დღეს მოეწერა ხელი, ღონისძიებას საქართველოში ბრიტანეთის ელჩიც დაესწრო.
"მოხარულები ვართ, რომ Vodafone-თან პარტნიორობის შედეგად, სელფი მობაილის მომხმარებლებისთვის ვნერგავთ მსოფლიოში აღიარებულ ლოიალობის პროგრამას. ეს პროგრამა არა მხოლოდ საგრძნობლად აუმჯობესებს მომხმარებლის ყოველდღიურ გამოცდილებას, არამედ ქმნის ახალი შესაძლებლობების ეკოსისტემას, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივ და გლობალურ საჭიროებებს. მინდა მადლობა გადავუხადო კოლეგებს Vodafone-იდან შესანიშნავი დასაწყისისთვის და მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის ახალ საფეხურზე გადასვლას," — განაცხადა "სელფი მობაილის" კომერციულმა დირექტორმა, მარიამ კოპაძემ.
პარტნიორობის გამოცხადებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი, გარეთ უორდი ესწრებოდა.
"მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო 20-30 წლის განმავლობაში, ტელეკომ სექტორმა ითამაშა უდიდესი როლი ბრიტანეთის ეკონომიკურ ზრდაში. ტელეკომუნიკაციის ინდუსტრია გახლავთ საყრდენი ახალი ბიზნესებისთვის, ინოვაციური მიმართულებისთვის და სხვა სფეროების განვითარებისთვის. ბრიტანეთში ბევრმა კომპანიამ დიდი წვლილი შეიტანა ინოვაციების ზრდაში ტელეკომ სექტორში.
ვოდაფონი გახლავთ წამყვანი ბრიტანული კომპანია ხალხის დაკავშირებისთვის, ბიზნესებს აძლევს შესაძლებლობას ინოვაციის დანერგვისთვის და ასევე ხელს უწყობს მდგრადობას. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში კონკურენტული და რეგულირებული ტელეკომ სექტორის განვითარება ხელს შეუწყობს ქვეყნის ზოგად ეკონომიკურ ზრდას.
მოხარულები ვართ, რომ "სელფი მობაილი" წარმატებით ახორციელებს პროცესებს, რომ ბაზარზე გახდეს ერთ-ერთი მოწინავე კომპანია. გვიხარია, რომ "სელფი მობაილი" აქტიურად მუშაობს, რომ მომხმარებლებს შესთავაზოს უკეთესი მომსახურება და დანერგოს ინოვაცია ვოდაფონთან მჭიდრო პარტნიორობით", - განაცხადა დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, გარეთ უორდმა.