ამოქმედდება თუ არა ევროკავშირის ახალი შეზღუდვები ქართული ოცნების არალეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ - დღეს ევროკავშირის ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტი იმ რეზოლუციაზე იმსჯელებს, რომლის თანახმად ქართველი დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის უვიზო რეჟიმი უნდა შეჩერდეს.
ინიციატივა გასულ თვეში ევროკომისიამ გააჟღერა - მიზეზი ივანიშვილის კლანის ანტიდემოკრატიული პოლიტიკაა.
"2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოს ხელისუფლებამ გამოაცხადა თავისი განზრახვა, რომ არ მოითხოვოს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება 2028 წლამდე. ამ განცხადებამ გამოიწვია მასობრივი პროტესტი საქართველოს მრავალ ქალაქში, რასაც ხელისუფლებამ უპასუხა არაპროპორციული ძალის გამოყენებითა და ძალადობრივი მეთოდებით, ასევე იყო თვითნებური დაპატიმრებები და არასათანადო მოპყრობა მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების მიმართ.
ეს ქმედებები არღვევს ფუნდამენტურ პრინციპებს, რაზეც აგებულია ფასილიტაციის შეთანხმება და ეწინააღმდეგება ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების ინტერესებს. კერძოდ, ეს ქმედებები არ სცემს პატივს ადამიანის უფლებებს და დემოკრატიულ პრინციპებს, რაც ნიშნავს, რომ ისინი არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს და აფერხებს კავშირსა და საქართველოს შორის ეკონომიკური, ჰუმანიტარული, კულტურული, სამეცნიერო და სხვა კავშირების სტაბილურ განვითარებას." ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.
თუ ევროკავშირის საბჭო რეზოლუციას დაამტკიცებს, ქართველ დიპლომატებს, ოფიციალურ პირებსა და მათ ოჯახებს, რომლებსაც აქვთ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტები, ევროკავშირში მოგზაურობისთვის ვიზა დასჭირდებათ.